სოლიდარობის პლატფორმა ნამახვანის მცველებს მხარდაჭერას უცხადებს
სოლიდარობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების აქტივისტებს, ნამახვანში და რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

სოლიდარობის პლატფორმის განცხადებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიონის ხეობის მცველები და ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ ორგანიზებული პროტესტი ქსენოფობიური და ანტიისლამური სულისკვეთებით გამოირჩევა.

„აღსანიშნავია, რომ 10 აპრილს სოლიდარობის პლატფორმაში გაერთიანებულმა აქტივისტებმა გადავწყვიტეთ შევხვედროდით ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის ლიდერებს. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ პროტესტი ლიდერებთან გამართული შეხვედრის და მეგობრული საუბრის შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აღნიშნული პროტესტი და მათი ლიდერები გამოირჩევიან ბუნებისა და ადამიანის განსაკუთრებული სიყვარულით. ჩვენთან შეხვედრის დროს რიონის ხეობის მცველებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი პროტესტი არ არის მიმართული არც ერთი ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფის, ან კომპანიის წინააღმდეგ და მათი ამოსავალი წერტილი საკუთარი სახლ-კარის, ბუნების და ღირსების დაცვაა. მეტიც, ეს პროტესტი, უფრო ფართედ, ემსახურება ჩაგრული, ხმაწართმეული ხალხისთვის ხმის და წართმეული უფლებების დაბრუნებას“. - აღნიშნულია სოლიდარობის პლატფორმის განცხადებაში

სოლიდარობის პლქტფორმაში გაერთიანებული არადომუნანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ პროტესტს უერთდებიან. მათი განცხადებით, იმედს იტოვებენ რომ სახლმწიფო მოხელეები სწორად შეაფასებენ ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს და ბუნებაზე და ადამიანზე ზრუნვის პრაქტიკას დაუბრუნდებიან, რაც სახელმწიფოს არსებითი ფუნქციაა.

პლატფორმის წევრები 11 აპრილს პროტესტის მონაწილეების კარვების დაშლასა და იმ მიწის გადათხრასაც გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნული კარვები იყო გაშლილი.

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია, პოლიტიკური ელიტა და პოლიცია დღეს მსგავსი მეთოდებით რიონის ხეობის მცველების გულწრფელი პროტესტის უგულებელყოფას ცდილობენ. უფრო მეტიც, ჩვენი დაკვირვებით, ნამახვანის ჰესის მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ვხედავთ რიონის ხეობის მცველების ქსენოფობებად და შოვინისტებად მონიშვნის მცდელობებს, რათა მოხდეს არსებითად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური კითხვების გადაფარვა და გულწრფელი პროტესტის დემონიზება“.

სოლიდარობის პლატფორმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა აქციების დროს ადგილზე ორგანიზებული რადიოკალური კონსერვატიული ჯგუფებიც იხილეს, რომლებიც სიძულვილის ენის გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ მათივე განმარტებით ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რიონის მცველების მოძრაობის ლიდერებისა და თავად პროტესტის შინაარსის ნაწილად.

„მაშინ როდესაც, რიონის ხეობის დაცვის მოძრაობის ლიდერების ენა ჩვენთვის, არადომინანტური ეთიკური და რელიგიური ჯგუფებისთვის, არ აღიქმება ქსენოფობიურ და ანტიისლამურ ენად, სახელმწიფოს მიერ, რომელიც წლების განმავლობაში თავად იყნებებს შოვინისტურ და ეთნოცენტრისტულ პოლიტიკას ჩვენს მიმართ, ამ არგუმენტების მოხმობა ცინიკური და არასერიოზულია“. - აღნიშნულია სოლიდარობის პლატფორმის განცხადებაში

სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს: ქართველ მუსლიმებს, საქართველოს აზერბაიჯანელებს, საქართველოს სომხებს, ქისტებს, ოსებს, დომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს თბილისიდან და ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგს, სოლიდარობის მშენებლობას და საკუთარი საჭიროებების, წუხილების და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას ისახავს მიზნად.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები