კიდევ ერთი უშედეგო აქცია და ხელფასების გარეშე დარჩენილი 400-მდე თანამშრომელი
კომპანია „აკელიკის“ თანამშრომლების მიერ ხელფასების აღების მოთხოვნით გამართული კიდევ ერთი აქცია უშედეგოდ დასრულდა.

დღეს, 15 აპრილს, აკელიკის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ კიდევ ერთხელ, უცვლელი მოთხოვნით, შეიკრიბნენ. თანამშრომლები მერიისაგან დახმარებას ითხოვენ, რადგან სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია მათ კუთვნილ ანაზღაურებას არ ურიცხავა.

„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ხელფასები ჯერ კიდევ არ არის. უკვე მეხუთე თვეა გვეუბნებიან, რომ ხვალ იქნება, ზეგ იქნება ხელფასიო მაგრამ ამ დრომდე არაა. ჩვენ ველოდებით გუბერნატორს, გუბერნატორი გზაშია და როცა მოვა ჩვენი სათქმელი უნდა ვუთხრათ“. - გვეუბნება ქამრან ქარიმოვი

კომპანიის თანამშრომლებს ბოლო აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღემდე, 15 აპრილამდე, მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

აქციის მიმდინაეობის პარალელურად რადიო „მარნეული“ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია აპირებდა თუ არა სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას. როგორც ჩვენ გვითხრეს, სახელმწიფო რწმუნებულს სხვა დღის წესრიგი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ვერ შეხვდებოდა.

კომპანიაში მომუშავე თანამშრომლები აცხადებენ, რომ 400-მდე თანაშრომელს ხელფასი არ აუღია.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები