2020 წლის არჩევნების შემდგომ პარლამენტში უმცირესობების წარმომადგენლობა მკვეთრად გაუარესდა - ყოფილი EMC
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) „ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური გაუცხოების სისტემური მიზეზების“ თემაზე კონფერენციას მართავს. ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა პარლამენტში კვლავ დაბალია და 2020 წლის არჩევნების შემდეგ სიტუაცია ამ მიმართულებით მკვეთრად გაუარესებულია. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა მკვეთრად დაბალია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების დონეებზეც კი. CSEM-ის 2017 წლის კვლევა აჩენებს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 8 მუნიციპალიტეტშიც კი (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა) საკრებულოების დონეზე ეთნიკურ უმცირესობების გაცილებით სუსტად არიან წარმოდგენილები“. - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში

ორგანიზაციის განმარტებითმ რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელ ფაქტორს ენის არსებული პოლიტიკა წარმოადგენს.

„მკვეთრად სუსტია ეთნიკური უმცირესობების საჯარო სამსახურში დასაქმების მაჩვენებელიც. CCIIR-ის 2017 წლის კვლევის შესაბამისად, 1+4 პროგრამის ბენეფიციარები მიიჩნევენ, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჯარო დაწესებულებაში დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კვლევის გამოკითხულთა 50,8% მიიჩნევს, რომ მათი დასაქმების მთავარ ბარიერს დამსაქმებლის მიკერძოებული/ნეგატიური დამოკიდებულება წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების მიმართ. 2016 წელს მწვანე კავკასიის მიერ ქვემო ქართლში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობები ამ რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების მხოლოდ 17%-ს შეადგენენ, მაშინ როცა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეების 49%-ს წარმოადგენენ. ამ კუთხით ყველაზე დიდი დისპროპორცია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ვლიდება“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, იმედისმომცემია ბოლო წლებში ეთნიკური უმცირესობების თემებში გაჩენილი თვითორგანიზებული ჯგუფები, რომელბიც საკუთარი გამოწვევებისა და გარიყულობის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას ცდილობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობების მიმართ ფორმალური პოლიტიკის ჩაკეტილობა და ამ რეგიონებში დემიკრატიული მართვის მეთოდების ნაცვლად საპოლიციო და უსაფრთხოების პერსპექტივით მართვის გამოცდილება.

„პოლიტიკური მონაწილეობა ინტეგრაციისა და თემთა შორის დიალოგის, თანამშრომლობისა და ერთობის შექმნის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა, სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო იმგვარი გამაერთიანებელი პოლიტიკური პროექტებისა და პროცესების შექმნა, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და კულტურული ჯგუფებისთვის ღია, საერთო და დამაკავშირებელი გახდებოდა. სამწუხაროდ, ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი კვლავ ჩვენი კოლექტიური თვითიდენტიფიკაციის წამყვან და ძირითად ჩარჩოდ რჩება და ის მუდმივ სოციალურ იერარქიებს ქმნის სხვადასხვა ჯგუფებს შორის“.

კონფერენციის მიზანი ეთნიკური უმცირესობების თემებიდან აქტივისტებს, მკვლევარებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რეალური დიალოგისა და პოზიტიური ცვლილებისკენ მიმართული სამუშაო პროცესის დაწყებაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები