სიახლე
საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები
23 ივნისს, სახალხო დამცველმა პარლამენტში 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენის შემდგომ პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ტარიელ ნაკაიძე, რომელმაც სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე გაამახვილა.

„მე დღეს ჩემ გამოსვლაში შევეცდები ავხსნა და უფრო გასაგები გავხადო უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებები მათ მიმართ. ისევე როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ ზოგადად პოლიტიკური რიტორიკის ფარგლებში. შემიძლია რამდენმე მაგალითი დავასახელო ამ მიმართულებით. პირველი, საქართველოს პრემიერმინისტრის, გახარიას, გამოსვლა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, როცა ის ჩავიდა პანკისის ხეობაში და მიმართა პანკისის ხეობის ადამიანებს, ჩვენ თანამოქალაქეებს და ასევე, პანდემიის პერიოდში მან განაცხადა, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და ამ განცხადებასთან ერთად მან ხელი შეუწყო უმრავლესობის რელიგიას ღვთისმსახურების სწორად შესრულებაში, ღიად შესრულებაში და ამავე დროს შეზღუდა უმცირესობები სხვადასხვა მიმართულებით რელიგიურ ნაწილში“.

პარლამენტარმა გაიხსენა შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვალ დმანისის მოვლენებთან დაკავშირებითაც, როდესაც შს მინისტრმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარება მეზობელი ქვეყნის სტრატეგიული კავშირებთან იყო დაკავშირებული. 16 მაისს დმანისში დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, ხოლო 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, დაპირისპირება ორ ეთნიკურ ჯგუფს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის მიმდინარეობდა.

ტარიელ ნაკაიძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაიხსენა პარლამენტარების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული გამოთქმებიც.

„მაგალითისთვის შემიძლია ქალბატონი ნინო წილოსანის და ქალბატონი ელისო ბოლქვაძის გამონათქვამები დმანისთან დაკავშირებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის მორიგებებზე საუბრობდა და ასევე ქალბატონი ნინო წილოსანი ბუქნარის ამბებთან დაკავშირებით საუბრობდა, რომ თურმე შეარიგეს მუსლიმები და ქართველები. ეს დამოკიდებულებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს განსაზღვრავს ზოგადად ჩვენი თანამოქალაქეების თანამოქალაქე უმცირესობების მიმართ მიდგომას“.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომლის მიხედვითაც საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ.

„საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არსად გვაქვს არანაირი კულტურული ნარატივი უმცირესობებისა. ქართველმა აზერბაიჯანელებმა მოგვმართეს უკვე ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ამას დავუჭერთ მხარს და დავაფიქსირებთ, რომ ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს უმცირესობების კულტურასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული ფაქტები“.

ნაკაიძემ ყურადღება გაამახვილა 2014 წელს დაფუძნებულ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოზე და განაცხადა, რომ სააგენტო ამჟამად არა კონსულტაციის და ურთიერთობების მარეგულირებელია სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, არამედ ის არის კონტროლისა და რელიგიურ საქმიანობაში ჩარევის მექანიზმი.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია