ვის რამდენით გაეზარდა ხელფასი - მარნეულის მერია 2022 წელს შრომით ანაზღაურებაში 850 000 ლარით მეტს დახარჯავს
მარნეულის მერიის თანამშრომლებისათვის ხელფასების მომატების შედეგად 2022 წელს, 2021 წლისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობა შრომის ანაზღაურებაში 850 000 ლარით მეტს დახარჯავს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ხელფასების მომატებამდე მერია ერთ წელში შრომით ანაზღაურებაში 4 970 000 ლარს ხარჯავდა, 2022 წელს კი 5 820 000 ლარს დახარჯავს.

„ასე ვერ ვიტყვით რომ ვთქვათ, 20%-ით გაიზარდა ხელფასებიო, შრომის ანაზღაურების შესახებ კანონიდან გამომდინარე კოეფიციენტების მიხედვით გაიზარდა“. - აცხადებს ვუგარ მამედოვი

მარნეულის მერის ხელფასი 4 100 ლარიდან 5 500 ლარამდე გაიზარდა.
მერის პირველი მოადგილის ხელფასი 3 700 ლარიდან 4 400 ლარამდე გაიზარდა.
მერის მოადგილის ხელფასი 3 400 ლარიდან 3 850 ლარამდე გაიზარდა.
მარნეულის მერიის სამსახურის უფროსები ყოველთვიურად 2 300 ლარს იღებდნენ, ამიერიდან კი ხელფასის სახით 3 190 ლარს მიიღებენ.
მერიის განყოფილებების უფროსების ხელფასი 1 800 ლარიდან 2 530 ლარამდე გაიზარდა.
პირველი კატეგორიის სპეციალისტები 1 300 ლარს იღებდნენ, ამიერიდან კი 1 870 ლარს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ შრომითი ანაზღაურება გაიზარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც.

მარნეულის საკრებულომ საჯარო მოხელეებისათვის შრომითი ანაზღაურების გაზრდას მხარი 27 დეკემბერს დაუჭირა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები