მედიკამენტზე დეფიციტის შექმნა ან ფასების გაზრდა ხელოვნურად ვეღარ მოხდება - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფერენტული ფასებით ფასწარმოქმნის განსაზღვრა მედიკამენტებში მარკეტინგული ხარჯებით გამოწვეულ ხელოვნურად გაზრდილ ფასებს დაასტაბილურებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

"რეფერენტული ფასებით ფასწარმოქმნის განსაზღვრა საკმაოდ აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც 4-5 ქვეყანას ირჩევენ. ამ ქვეყნების წამლის ფასების მიხედვით, [იმპორტიორ] ქვეყანაში რეფერენტული ფასი გამოდის. ეს ყველანაირი მარჟის გათვალისწინებით, მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარია. ამით მედიკამენტებში მარკეტინგული ხარჯებით გამოწვეულ ხელოვნურად გაზრდილ ფასებს დავასტაბილურებთ.

ასევე გვაქვს სხვადასხვა ეტაპი, რომელიც სააფთიაქო ბაზების ჩვენს სისტემაში ჩართვას ითვალისწინებს. ამით ნებისმიერ მედიკამენტზე ვეღარ მოხდება ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ან ფასების გაზრდა, რადგან ჩვენ მას სრულად გავაკონტროლებთ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, აფთიაქებში თურქულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევაში, სამინისტროს ცხელი ხაზი არსებობს, სადაც მოქალაქეებს დარეკვა შეუძლიათ.

"იმ პერიოდში, როცა პირველად მოეწერა ამ ცვლილებას ხელი (17 იანვარს) და სიაში თურქეთის ბაზარი დავამატეთ, სამინისტროში სპეციალურად ცხელი ხაზი შევქმენით. როცა ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც უარს ეტყოდნენ თურქული მედიკამენტზე ან ეჭვი არსებობდა, რომ მედიკამენტები ვინმესთვის იყო გადანახული, ან რაოდენობა იყო შეზღუდული, ცხელ ხაზზე ზარები შემოდიოდა და ამაზე რეაგირებას დაუყოვნებლივ ვახდენდით. ეს რეაგირება იყო დისტანციურად და ასევე ჩვენი რეგულირების სააგენტო აფთიაქებში ადგილზე მიდიოდა. დაახლოებით 3 კვირა გაგრძელდა ეს პრობლემური დეფიციტი. დღეისათვის ისევ აქტიურად ვაკვირდებით, როგორც ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს, ასევე ქვეყანაში თურქული მედიკამენტების იმპორტს. უკვე ეს პრეტენზიები მინიმუმამდეა დაყვანილი და მედიკამენტები ყველა ქსელში მაქსიმალურადაა განაწილებული. ბოლო პერიოდში რამდენიმე ზარია ყოველდღიურად, რაც ძირითადად რეგიონებს და პატარა დასახლებებს ეხება, სადაც როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით სრული მარაგი არ არის. ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გაქვს ფარმაცევტულ კომპანიებთან და ეს პრობლემა აღმოფხვრება", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა, თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რადგან მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეებს სხვადასხვა მიზეზით თურქულ მედიკამენტებს არ აძლევენ და ალტერნატივად ძვირიან წამლებს სთავაზობენ.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია