სამწუხაროა რომ კანონი უფლებას არ გვაძლევს, დიდ ტენდერებს პირდაპირ „ქციას“ მივცემდი - გიორგაძე რადიო „მარნეულის“ სტატიას ეხმიანება
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ დღევანდელი სხდომა რადიო „მარნეულის“ მიერ მომზადებულ სტატიაზე გამოხმაურებით დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის რომ რადიო „მარნეულის“ მიერ ცუდად იყო გაშუქებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიამ ბოლო 17 თვის განმავლობაში მერიის 22 ტენდერში გაიმარჯვა და ადგილორივი ბიუჯეტიდან გზების დაგებისათვის 15 985 260 ლარი მიიღო.

„მინდა კამერების წინაშე გამოვეხმაურო რადიო „მარნეულის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ შემიძლია რომ პასუხი არ გავცე. კონკრეტულად ეს ეხება შპს „ქციას“, რომელიც თუ არ ვცდები დაფუძნებულია 80-იან წლებში და იმის მერე თამად შემიძლია ვთქვე, რომ ღირსეულად ემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს. მე ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები, ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ სადმე ვინმეს, მაკონტროლებელ ორგანოებს მათთვის შენიშვნა მიეცათ ან ხარჯთან დაკავშირებით, ან ვადებთან დაკავშირებით“.

მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარეს სურს, რომ „ქციას“ მსგავსი კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტში ბევრი იყოს, რადგან ისინი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

„ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას და შეზღუდული არავინ არაა და სწორედ აქაა პრობლემა, რომ შემოდიან შპს-ები, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი არც ტექნიკა, არც კარიერი, არც ქარხანა და ა.შ. წერენ დაბალ ფასს და ჩვენ არ გვაქვს კანონიერი უფლება რომ ამას შევეწინააღმდეგოთ. მოაქვთ საბუთები, რომ ნაქირავები ყავთ ეს ტექნიკა და ჩვნ ამას ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, კანონი გვავალდებულებს რომ ეს გავითვალისწინოთ“.

ამირან გიორგაძის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მერიის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად ანხორციელებენ. მან გაიხსენა მარნეულში წყლისა და წყალარინების პროექტის შემსრულებელი კომპანია „აკელიკიც“ და განაცხადა, რომ კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო მოსახლეობა პასუხს სწორედ მერიას სთხოვდა.

„როგორ შეიძლება ისეთ კომპანიას, რომელსაც ტექნიკა თავის საკუთრებაში აქვს, ქარხანა თავისი აქვს, კარიერი თავისი აქვს სადაც მასალებს მოიპოვებს და ამუშავებს. როგორ შეიძლება რომ ასეთ კომპანიას სხვამ მოუგოს ტენდერში, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არსებობენ ე.წ „აფერისტი“ შპს-ები, რომლებიც დაბალ ფასს სთავაზობენ და ნაქირავებ ტექნიკას აჩვენებენ, რომ ვითომ მათია და აქედან გამომდინარე ხდება ტენდერში მათი გამარჯვება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული და კანონი რომ გვაძლევდეს ამის უფლებას დიდი ტენდერები რაც ტარდება პირდაპირი წესით მივცემდი შპს „ქციას“ და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ვიღებ სამუშაოების შესრულებაზე. აქ თუ ვინმე შემედავება და რაღაცა ფაქტები იქნება, რომ ვერ შესრულდა ან ვადებში გადააცილა, ან უხარისხოდ რამე გაკეთდა, ამაზე პასუხსმგებლობას მე ავიღებ, მაგრამ სამწუხაროა რომ კანონი ამის უფლებას არ გვაძლევს“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

რადიო „მარნეულმა“ სტატია „მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიამ ბოლო 17 თვეში მერიისგან 15 985 260 ლარის ტენდერი მიიღო“ 2023 წლის 8 მაისს გამოაქვეყნა. სტატიას გამოხმაურება მოჰყვა მერიაში და საკრებულოში დასაქმებული პირებისა და მათი ნათესავებისაგან. ფეისბუქზე კომენტარების უმრავლესობა რადიო „მარნეულს“ აკრიტიკებდა, შეურაცხყოფას აყენებდა მედია საშუალებაში დასქმებულებს და წუხდა „აგენტების შესახებ კანონის“ ჩავარდნაზე.

დღეს, 24 მაისს, საკრბეულოს სხდომაზე რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტიც იმყოფებოდა, რომელმაც საკრბეულოს თვმჯდომარეს აღნიშნულ კომენტარებზე სთხოვა პოზიციის დაფიქსირება.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. თქვენ როგორც იცით ხოლმე, ოპოზიციურმა არხებმა, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და იგივე სიტუაცია ხდება, ეგ კი არა პირადულ შეურაცხყოფებებზე გადმოდიან ხოლმე, მაგრამ მაშინ რატომღაც არ გაქვთ ხოლმე რეაქცია. ცუდია, არ უნდა იყოს. ჟურნალისტმა დაწერა, კი ბატონო, მაგრამ ეს არის უკვე მორალური მხარე რომ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. შეიძლება არ მოგწონდეს, ჟურნალისტის აზრი, მაგრამ იქ შეიძლება კორექტულად გაცე პასუხი და შეურაცხყოფას მე არ მივესალმები და აქ დავამთავროთ, იმიტომ, რომ საკითხები გვაქვს განსახილველი“. - აცხადებს ამირან გიორგაძე

აღსანიშნავია, რომ ამირან გიორგაძემ რადიო „მარნეული“ ოპოზიციურ მედიად მოიხსენია. რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტმა საკრებულოს თავმჯდომარეს განუმარტა, რომ მედია ორგანიზაცია არაა ოპოზიციური და ის უბრალოდ მედიაა, რაზეც გიორგაძემ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი აზრი და პოზიციაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები