2022-ში სიტყვით გამოსვლის უფლებით 18 დეპუტატს არ უსარგებლია
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აჯამებს.
ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. ხოლო პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა უმრავლესობიდან ჰქონდა მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან - რომან გოცირიძეს (93).

ანგარიშში მოხვდნენ ისინიც, ვინც გასულ წელს პარლამენტში სიტყვით არ გამოსულან. ასეთი 18 დეპუტატია, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე), ხოლო 8 - ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი).

ორგანიზაციამ დაითვალა ისიც, რომ პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ ოპოზიციიდან გააცდინა კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან - ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა).

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა.

ანგარიშში ერთ-ერთ ძირითად მიგნებად დასახელებულია ის, რომ პარლამენტი ისევ არ დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისთვის საკმარისი მაკონტროლებელი ფუნქციების მინიჭებისა და მისი ფუნქციური გაძლიერებისთვის.

საუბარია ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის წარმართვაზე, რაც პარლამენტმა ითავა. ამ მხრივ დადებითად არის შეფასებული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საპარლამენტო კონტროლისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ "პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესის საკმარისი ინკლუზიურობა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა".

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა.

"მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს", - წერს TI.

ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის კუთხით ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემად რჩება მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა: "პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა".

საპარლამენტო კონტროლის მხრივ ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ, თუმცა არცერთი კომისია არ შექმნილა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები