"იმედის" ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. არხი იუწყება, რომ 1 თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

"ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს", - წერია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი მეორე ვადით საქართველოს პრემიერის თანამდებობას 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებს. ის მმართველმა პარტიამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მას შემდეგ დაასახელა, რაც იმ დროინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვიდა. ერთი წლის განმავლობაში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ხოლო 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი შეცვალა პრემიერის თანამდებობაზე. პრემიერის თანამდებობას ის 2015 წლის ბოლომდე იკავებდ - მან 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მთავრობაში გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაბრუნდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები