მარნეულის მერის ხელფასი 6 650 ლარი გახდა - მერიაში დასაქმებული 229 ადამიანის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მერიასა და საკრებულოში დასქამებულთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საკებულოს დადგენილების მიხედვით, მარნეულის მერის ხელფასი გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 6 650 ლარი შეადგინა.

მერის პირველი მოადგილის, როინ დეკანოიძის სახელფასო ანაზღაურება 480 ლარით გაიზარდა და 5 320 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს, ზურაბ ფანგანსა და თემურ შუბითიძეს, მათი ხელფასები 420 ლარით გაიზარდა და თანამდებობრივმა სარგომ 4 655 ლარი შეადგინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 8 სამსახური ფუნქციონირებს, სამსახურების ხელმძღვანელების ანაზღაურება 3 509 ლარიდან 3 857 ლარამდე გაიზარდა. ხელფასები ასევე გაზრდილია მერიის სამსახურების განყოფილებებში დასაქმებული პირებისათვის.

მერიაში სულ 19 განყოფილება ფუნქციონირებს. მათი ხელმძღვანელების ხელფასი 3 059 ლარამდე გაიზარდა.
მერიის 19 განყოფილებაში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა 29 ადამიანს უკავია, რომელთა ანაზღაურებაც 2 261 ლარამდე გაიზარდა.
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა 37 ადამიანს უკავია, მათი ანაზღაურება 2 128 ლარამდე გაიზარდა.
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალიტის თანამდებობა 31 ადამიანს უკავია და მათი ხელფასები 1 995 ლარამდე გაიზარდა.
10 ადამიანია დასაქმებული პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, მათი ანაზღაურება 1 862 ლარია.
მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად მერიაში 7 ადამიანი მუშაობს, მათი ანაზღაურება 1 330 ლარია.
მერიაში ყველაზე დაბალი ანაზღაურება მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს აქვთ. აღნიშნულ თანამდებობაზე 4 ადამიანია დასაქმებული და მათი ანაზღაურება 1 064 ლარს შეადგენს.

საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებთან ერთად მერიაში ასევე დასაქმებული არიან ხელშეკრულებით აყვანილი პირები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეუყლებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული პირები. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანმდებობა 18 ადამიანს უკავია, რომელთა ანაზღაურებაც 2 128 ლარია, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულებში 62 ადამიანია დასაქმებული და მათი ანაზღაურება 1 330 ლარია.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საკებულოს დადგენილების მიხედვით, მერიაში სულ 229 ადამიანია დასაქმებული. აქედან 149 შტატითაა გათვალისწინებული, ხოლო 80 ადმინისტრაციული ხელშეკრულებითაა დასაქმებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები