პრეზიდენტმა 2023 წელს მივლინებებში ბიუჯეტიდან 1.042 მლნ ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მივლინებებში გასულ, 2023 წელს ბიუჯეტიდან 1.042 მლნ ლარი დახარჯა. აღნიშნულს მოწმობს ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

მივლინებების გარდა, გასულ წელს ავტომომსახურებაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯამში 100 363 ლარი დახარჯა. აქედან უშუალოდ საწვავის ხარჯი 75 783 ლარი იყო, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე 24 580 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მივლინებებს, ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით ვიზიტებისათვის გაწეულმა ხარჯმა 18 838 ლარი შეადგინა.

საზღვარგარეთ ვიზიტებზე კი, იანვარ-სექტემბერში ხარჯმა 1 023 835 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) ადმინისტრაციამ საქართველოს პრეზიდენტის სამივლინებო კორპორაციულ საბარათე ანგარიშზე რიცხული ნაშთი 122 724 ლარი ხაზინაში მიაბრუნა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მივლინებებთან დაკავშირებით გასულ წელს, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტსაც გეგმავდა. კერძოდ, „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტები ზურაბიშვილმა მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აღნიშნული ვიზიტები მან საკუთარი სახსრებით განახორციელა და ბიუჯეტიდან არ დაუხარჯავს ფული.

ცნობისთვის, გასულ წელს აღნიშნულ ვიზიტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომაც, თუმცა, საბოლოოდ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა არ შეგროვდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები