მარნეულის საკრებულოში ახალი განყოფილება შეიქმნა
დღეს, 5 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს აპარატში ახალი განყოფილების, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების, ჩამოყალიბებას. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ ახალი განყოფილების ჩამოყალიბება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შესულმა ცვლილებებმა და ადამიანური რესურსების მიმართულებით ამოქმედებულმა ახალმა პროგრამებმა გამოიწვია.

„არსებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება და საჯარო სამსახურებსაც დაევალათ რიგი ვალდებულებები, ასევე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არის ამოქმედებული ახალი მიმართულებები და ამ მიმართულებასაც უდიდესი მნიშვნელობა ექცევა ამ ბოლო წლებში. იცით, რომ ყოველწლიურად ხდება მოხელის შეფასება და ეს უკვე ხდება ელექტრონული სისტემით, რომელიც ჯერ-ჯერობით საპილოტეა მუნიციპალიტეტებში და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ჩართულია უკვე ამ პროგრამაში. ასევე, არის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, რომელიც აუცილებელია. ეს მოიცავს გეგმებს, საჭიროებებს, საკადრო საკითხებს, თვითონ საკადრო საკითხები ელექტრონული ფორმითაა უკვე და გადავდივართ ახალ ეტაპზე ამ მიმართულებითაც. თქვენ იცით, რომ საკრებულოს მხოლოდ ერთი თანამშრომელი ემსახურებოდა ამ მიმართულებას და აქედან გამომდინარე დადგა საჭიროება რომ შეიქმნას განყოფილება“. - განაცხადა ნინო ბერიძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის განმარტებით, ახალ განყოფილებაში სულ სამი ადამიანი დასაქმდება, ერთი განყოფილების ხელმძღვანელი და ორი თანამშრომელი. ბერიძის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობის დაკავებისათვის გამოცხადდება ღია კონკურსი და ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით აირჩევიან.

დღეს, 5 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი. საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები