მარნეულის საკრებულომ ორ ორგანიზაციას მერიის შენობების გამოყენების უფლება გაუხანგრძლივა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 5 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტში მომუშავე ორი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მარნეულის მერიის ბალანსზე არსებული ფართის გამოყენების უფლების გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

საკრებულოს სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა განაცხადა, რომ სოფელ შაუმიანში არსებობს მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი 180 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადასცემს ა(ა)იპ „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრს“.

„ეს ცენტრი ახორციელებს ახალგაზრდების განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტებს“. - განაცხადა აგილ ამირჯანოვმა

მერიამ „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრს“ შენობა უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადასცა.

საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ 460,06 კვ.მ. ფართიდან 396,81 კვ.მ. ფართზე ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“-თვის ვადის გაგრძელებას უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით 2 წლით. აგილ ამირჯანოვის განმარტებით, ორგანიზაცია წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტში მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და მერიამ მათ შენობის გამოყენების უფლება თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით მისცა.

დღეს, 5 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი. საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები