პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

"საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით. მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს და შესარჩევი კომისია შექმნას საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.

ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილე და აღჭურვილი იყოს სათანადო უფლებამოსილებებით.

რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ."
- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები