საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი მედიას ბრიფინგზე წარუდგინა.

მიხეილ სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მეოთხე მინისტრია. მისი წინამორბედები იყვნენ:
  • ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე მუშაობდა;
  • ეკატერინე ტიკარაძე ამ თანამდებობას იკავებდა 2019 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე;
  • დავით სერგეენკო კი მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მუშაობდა მინისტრად - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 2019 წლის 18 ივნისამდე.
კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ მას პარლამენტის დეპუტატის მანდატი შეუჩერდება.
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტიდან იყო თავისუფალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და ახსენა "რესპუბლიკური საავადმყოფო".

რამდენიმე დღის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა "ფეისბუკზე" მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს - ირაკლი ღარიბაშვილს და გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობდა. სამინისტროს მიღწევებზე საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა "რესპუბლიკურ საავადმყოფოზე", რომლის დანგრევის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება მისი თანამდებობიდან გადადგომა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები