მდინარაძის თქმით, რუსული კანონის საკითხზე ივანიშვილიც მათი თანამოაზრეა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სხდომაზე, სადაც რუსული კანონის დაბრუნება გადაწყვიტეს, არ მონაწილეობდა, თუმცა ამ საკითხზე მათ მოსაზრებას იზიარებს.

მდინარაძემ თქვა, რომ ამის ამ გადაწყვეტილების თანაინიციატორები პარტიის ლიდერები არიან.

„უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და ის არის თანამოაზრე ჩვენი ამ საკითხში. პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი ამ საკითხზე თანამოაზრეა. ამაზე საუბარი გუშინწინ დაიწყო, უმრავლესობის სხდომაზე და გაგრძელდა გუშინ”, – განაცხადა მან.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.

ირაკლი კობახიძე, 2023 წლის 9 მარტი:

„მე პირველ რიგში გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში არასდროს არ დაინიციირდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ნაცმოძრაობაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, კონკრეტულად კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი.[…] ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიციირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება“.


ირაკლი კობახიძე, 2023 წლის 29 ნოემბერი:

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ, ამ კანონპროექტს მივუბრუნდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა. მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას“.

ირაკლი ღარიბაშვილი, 2023 წლის 21 ივნისი:

„ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს!“.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები