მარნეულის მერია დუმს და ვერ გვეუბნება როდის დაიწყებს ავარიული კორპუსის რეაბილიტაციას
ნარიმანოვის N1 კორპუსის მოსახლეობას უკვე ორი წელია ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში უწევს ცხოვრება. ნარიმანოვის N1 კორპუსში, მეხუთე სართულის აივანი, 2022 წლის 26 ივნისს ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ქალი გარდაიცვალა.

აივნების ჩამონგრევის შემდეგ მარნეულის მერიამ საცხოვრებელი კორპუსი შეისწავლა. ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ნარიმანოვის N1 კორპუსი ავარიულია და მასში ცხოვრება სახიფათოა. მიუხედავად ამისა, კორპუსის სარესტავრაციო სამუშაოები ამ დრომდე არ განხორიცელებულა.

აივნების ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა რაია ალიევა, რომელიც ნარიმანოვის N1 კორპუსში, მეხუთე სართულზე, ცხოვრობდა. რაიას შვილი, აკიფ ბაირამოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობისაგან იღებს დაპირებებს, მაგრამ საცხოვრებლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა.

„როგორც ადრე იყო ახლაც ასეა დარჩენილი. რამდენჯერაც წავედი მერიაში სალაპარაკოდ უბრალოდ მითხრეს, რომ ველოდებით, ცოტახანში გაკეთდება, ვეცდებით რომ გავაკეთოთ რამეო. გარემონტებას კი არ ვაპირებთ, ახალი უნდა ავაშენოთო მითხრეს, მაგრამ არაფერი არ აქვთ გაკეთებული ჯერ. მეც უკვე მცხვენია, ამდენი მისვლა და უშედეგოდ წამოსვლა. უკვე მომბეზრდა წასვლა“.

აკიფი აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი ინგრევა, რის გამოც მეზობლების ნაწილმა ნარიმანოვის N1 კორპუსი უკვე დატოვეს.

„ინგრევა ბინა, უკვე მართლა ინგრევა ისეთ დღეშია. უკვე რამდენი მეზობელია წასული - ვისაც სხვა სახლი ჰქონდა ყველა გადავიდა. ჩემს სადარბაზოში უკვე 3 ოჯახი აღარ ცხოვრობს. მე სხვა სახლი არ მაქვს და ისევ იქ მიწევს ცხოვრება“. - ამბობს აკიფ ბაირამოვი

რადიო „მარნეული“ ერთ თვეზე მეტია ცდილობს გაარკვიოს თუ რა სამუშაოების განხორციელებას გეგმავს მარნეულის მერია ნარიმანოვის N1 კორპუსის გასამართად. 12 აპრილს მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ, რადგან გვითხრეს, რომ საკითხი კომპლექსური იყო და სიტყვიერ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. 12 აპრილიდან ველოდებით პასუხს ოფიციალურ წერილზე, მაგრამ მერია ამ დრომდე დუმს. ინფრასტრუქტურუს სამსახურში გვეუბნებიან, რომ ეს მათი კომპეტენცია არაა, სტატისტიკისა და ინფორმაციის სამსახურიც ამბობს, რომ ნარიმანოვის N1 კორპუსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საკითხის მოკვლევას გვპირდება.

მარნეულის მერი და მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ნაწილი გუშინ, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას სიხარულით შეხვდნენ.
„მეტი გამჭვირვალობაა ევროპული!“ - წერს მარნეულის მერი კენან ომაროვი, მაგრამ ერთ თვეზე მეტია არ გვცემს პასუხს, თუ რატომ უწევს ნარიმანოვის N1 კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ორი წლის განმავლობაში, ავარიულ კორპუსში, შიშის ქვეშ ცხოვრება.

2022 წლის 26 ივნისს აივნების ჩამონგრევის შემდეგ მარნეულის მერიამ კორპუსის მოსახლეობა სასტუმროში გადაიყვანა. ნარიმანოვის N1-ში მცხოვრები 28 ადამიანი სასტუმროში რამდენიმე კვირის განმავლობაშ რჩებოდა, რაშიც მერიამ „კავკაზ“-ს 110 200 ლარი გადაუხადა. აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებით სამუშაოები ესაჭიროება და მისი აივნებით სარგებლობა სახიფათოა. ამის მიუხედავად ნარიმანოვის N1 კორპუსში მოსახლეობა საცხოვრებლად კვლავ დაბრუნდა. კორპუსის რეაბილიტაციისათვის 2 121 737 ლარიანი ტენდერი თვითმმართველობამ 2022 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას მიუღია, რის გამოც ის არ შედგა. 2023 წლის ბიუჯეტში მარნეულის მერიამ ჩამონგრეული აივნების კორპუსის რეაბილიტაციისთვის 1 715 500 ლარი გამოყო, მაგრამ კორპუსი გასულ წელსაც არ გაურემონტებიათ. 2024 წელს ნარიმანოვის N1 კორპუსისათვის ბიუჯეტში ცალკე მუხლი გამოყოფილი არაა.

რადიო „მარნეული“
ამავე თემაზე: ცხოვრება შიშში - მარნეულში ავნების ჩამონგრევის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები