„გამოვლენილია ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში, სანახაობას არ ვაწყობთ“ — სუს-ის უფროსის მოადგილე
ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის თქმით, გამოვლენილია „ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში“, თუმცა მიზანი არაა მათი დაკავება და „სანახაობის მოწყობა“.

ამის ნაცვლად, ბატიაშვილის თქმით, კონტრდაზვერვითი ღონისძიებების ამოცანაა ჯაშუშების და მათი ქსელის იდენტიფიცირება და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების პრევენცია.

„კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების
მიერ დაგეგმილი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული მოქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, კავშირები დავადგინოთ, მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები… სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და, შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ“,
— განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, „არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში“.

დღეს პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ. სუსის ვერსიით, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდნენ უცხო ქვეყნები, თუმცა უცნობია — რომლები.

სუსმა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ გასული წლის სექტემბერში განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციული ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ „ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

კითხვაზე, თუ რატომ არ დადგა ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების არცერთ საქმეზე, ბატიაშვილი აცხადებს, რომ „ძალიან ძნელია განსაზღვრო [გამოძიების] კონკრეტული ვადები“.

„ჩასატარებელია მრავალი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისად, ეს შეიძლება სცდებოდეს საქართველოს ფარგლებს, ასევე იყო სხვა ობიექტური შემაფერხებელი გარემოებები, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეზე რამდენი ხანი გაგრძელდება გამოძიება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის“, — თქვა ალექსი ბატიაშვილმა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები