კობახიძე უკრაინელი ხალხის დახმარებაზე საუბრობს ხელისუფლებებს შორის არსებული სირთულეების მიუხედავად
უკრაინის აღდგენის კონფერენციის გახსნამდე ბერლინში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარში პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონფერენციაზე გამოხატავს საქართველოს პოზიციას რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მან ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ქართველი ხალხი გამორჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით უკრაინისა და საქართველოს „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები”.
რომელიც მისი სიტყვებით “გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება” რაც კობახიძის შეფასებით “არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს”

“ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) ბერლინში 11-12 ივნისს გაიმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.

საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადებების და ჰუმანიტარული დახმარების მიუხედავად, უკრაინაში ომის ფონზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დონეზე კრიტიკული განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა.

უკრაინას ამ დრომდე არ ჰყავს საქართველოში ელჩი, ელჩი უკრაინამ 2022 წლის 1 მარტს გაიწვია, მას შემდეგ რაც 2022 წლის 28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი - დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში გასული წლის ზაფხულში განმარტა მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება არ იწვევდნენ უკრაინაში ეს არის " ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის."

ბოლოს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მწვავე პოლიტიკური განცხადებების ფონია საქართველოში მიღებული "აგენტების კანონი". რომლის მიზნებს შორისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის "უკრაინიზაციისგან" დაცვა დაასახელა. რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პახუსი მოჰყვა "ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური „უკრაინიზაცია“,
- ეწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები