ცესკოსა და ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ოპოზიციას მმართველ პარტიასთან შედარებით მეტი ადგილი ექნება
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიები 7 წევრს შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას მმართველ პარტიასთან შედარებით, კომისიებში მეტი ადგილი ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო კომისიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 13 წევრისგან დაკომპლექტდება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას, მმართველ პარტიასთან შედარებით, გარანტირებულად მეტი ადგილი ექნება კომისიებში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით. 12 წევრისგან შედგება საარჩევნო კომისიები ყველა დონეზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები