ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია სწორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდეს აქტიური ვაქცინაცია, ეს იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას
მნიშვნელოვანია სწორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდეს აქტიური ვაქცინაცია, ეს იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, მაღალი რისკის ჯგუფის იმუნიზაციისას მოქალაქეები შეიძენენ იმ საჭირო იმუნურ სტატუსს, რომელიც მათ ვირუსთან ბრძოლისთვის სჭირდებათ, შესაბამისად, კორონავირუსის მომდევნო ტალღის დროს ლეტალობის მაჩვენებელიც დაბალი იქნება.

„ჩვენ არაერთხელ ვამბობთ, თუმცა, რატომღაც ეს სათანადოდ, ალბათ, არ მიდის მოსახლეობამდე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის აცრა, ვინც განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არის. ჩვენი მხრიდან გაანალიზდა ლეტალობის სტატისტიკა და ის ადამიანები, ვინც ჰოსპიტალში მოხვდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც გენდერულ ჭრილში, ასევე ასაკობრივ ჭრილში პირამიდის განხილვა. მკაფიოდ ჩანს, ის ფაქტი, რომ 60 წელზე ზევით პირები და მოსახლეობა, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. მნიშვნელოვანია სწორ ასაკობრივ ჯგუფში აქტიური ვაქცინაცია ჩატარდეს. ეს იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას, რის შედეგადაც შევძლებთ განვტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი. ანუ, არ მოხდება ჰოსპიტალური სექტორის იმგვარად დატვირთვა, როგორც მეოთხე ტალღის დროს. ლეტალობის მაჩვენებელიც მნიშვნელოვანად დაბალი იქნება, ვინაიდან სწორედ ეს ფენა, რომელიც არის მაღალი რისკის ქვეშ, შეიძენს იმ საჭირო იმუნურ სტატუსს, რომელიც მათ ვირუსთან საბრძოლველად სჭირდება“,-აღნიშნავს მინისტრი.

მან იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის უფრო აქტიური ჩართულობა, ექიმების მოტივაცია და დამატებით ინფორმირებულობა.

„ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაერთი სხვადასხვა მოტივატორი განიხილება. ჩვენ გუშინ გვქონდა სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები. კერძოდ, ზუგდიდში სხვადასხვა ჯგუფის ექიმებთან. როგორც ჰოსპიტალში მომუშავე ექიმებთან, ასევე პირველად რგოლში მომუშავეებთან. მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის უფრო აქტიური ჩართულობა, ექიმების მოტივაცია და დამატებით ინფორმირებულობა. სწორედ ისინი წარმოადგენენ ხიდს მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის, რომლებმაც უნდა გასწიონ აგიტაცია ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან და საჭიროებასთან მიმართებაში. ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით, ეს პროცესი იქნება მეტად გააქტიურებული“,- აღნიშნავს ტიკარაძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები