9 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾1.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკების საქმიანობის 9 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, 14 ბანკის საერთო მოგება ამ პერიოდში 1.53 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მოგების ეს მაჩვენებელი 110 მილიონი ლარით (7%-ით) ნაკლებია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბანკების მიერ მიღებულმა მთლიანმა საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლებმა 5.38 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. მათ შორის საპროცენტო შემოსავლები 4.1 მილიარდი ლარი იყო. აქედან ფიზიკური პირების მიერ გადახდილი პროცენტი 2.15 მილიარდი ლარი, ბიზნესების მიერ გადახდილი პროცენტი კი 1.39 მილიარდი ლარი იყო.

არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 33%-ით იმატა და 1.28 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ თანხიდან საკომისიოები 417 მილიონი ლარი იყო. ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან კი ქართულმა ბანკებმა 605 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

რაც შეეხება ხარჯებს, მათი მოცულობა 3.6 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა, 2 მილიარდი ლარი ბანკებმა საპროცენტო ხარჯებზე გასწიეს. აქედან 1.1 მილიარდი ლარი მომხმარებლების დანაზოგებზე დარიცხული სარგებელი იყო. თავად ბანკების მიერ ნასესხები ვალდებულებების პროცენტზე კი 711 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ბანკებს 21%-ით გაეზარდათ აპარატის შენახვის ხარჯები, რაზეც მათ წელს 700 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. საბოლოოდ ბანკებს 1.77 მილიარდის მოგება დარჩათ, საიდანაც 245 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათმა წმინდა მოგებამ 1.53 მილიარდი ლარი შეადგინა.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები