მელიას მხარდამჭერებმა ენმ-ში პარტიული თანამდებობები დატოვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ პარტიის წევრებმა, რომლებიც შიდაპარტიულ არჩევნებში მხარდაჭერას ნიკა მელიას უცხადებდნენ, პარტიული თანამდებობები დატოვეს.

ამის შესახებ მათ დღეს, 30 იანვარს, განაცხადეს.

ენმ-ის პოლიტსაბჭოში თანამდებობები დატოვეს: აკაკი მინაშვილმა, რომელიც ენმ-ის პოლიტიკური მდივანი იყო, ბაჩო დოლიძემ, რომელიც პარტიის საორგანიზაციო მდივანი იყო და გიორგი პატარაიამ, რომელიც ენმ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

თანამდებობა დატოვა ანა გოგოლაძემაც, რომელიც ენმ-ის სტრატეგიული განვითარების მდივნის პოზიციას იკავებდა.

მათი განცხადებით, ისინი პარტიაში რჩებიან.

დღესვე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით“, ის მარტიდან ამ პარტიულ თანამდებობას დატოვებს და არ იბრძოლებს მის ხელახლა დასაკავებლად

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა მარტშია დაგეგმილი, სადაც პარტიული თანამდებობები უნდა გადანაწილდეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

მან 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა 16 477 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები