ხიდის ნაცვლად, გზის მოხრეშვა - საკრებულოს გადაწყვეტილებაზე დიდ ბეგლიარში არაფერი იციან
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ბეგლიარში მოსახლეობამ რადიო “მარნეულისგან“, დღეს პირველად გაიგო, რომ 4 აპრილს საკრებულოს გადაწყვეტილებით მათ სოფელში დაპირებული სარწყავი არხის გადასასვლელი ხიდის მოწყობის ნაცვლად, გზას მოხრეშავენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ადილ ალიევმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუცხადა, რომ წერილით ითხოვენ 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ორი პროექტის შეცვლას და მოწონებას.

ესენია სოფელ დიდ ბეგლიარში სარწყავი არხის გადასასვლელი ხიდის ნაცვლად გზის მოხრეშვა და სოფელ ვერხვიანში წყლის სისტემის ნაცვლად გზის მოხრეშვა. დიდ ბეგლიარში ჩასულები სოფლის ყველა უბანში ვიყავით, დაახლოებით 30 ოჯახს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია შეცვლილ პროექტზე. გამოკითხულთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში ისედაც დაიწყებოდა, რადგან მის გაკეთებას მხარი გასულ წელს დაუჭირეს. ამბობენ, რომ სოფელში უკვე მიტანილია ხიდის ასაშენებელი ნაწილები და პროქტის ცვლილებაზე არაფერი იციან.

„რასაც ახლა თქვენ მეუბნებით, პირველად მესმის. ეს თანაბარი შეცვლა არაა, უსამართლოა პროექტის შეცვლა. ჩათვალეთ, რომ ოქრო ჩანაცვლებულია ფიცრით. ხრეშის დაყრა ჩვენც შეგვიძლია მოსახლეობას როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, ჩვენი სახსრებით. თან, ეს აქტუალური იყო 10 ქლის წინ და ახლა მოასფალტებულია სოფლის უმეტესი ნაწილი. ხრეში ჩემი აზრით, ტექნოლოგიურად უფრო ადვილი რამეა, ელემენტარული და ხიდი რთულია და ამას ჩვენი ძალებით ვერ გავაკეთებთ. ხრეშის ამბავზე შემდგომ პროექტებშიც დავუბრუნდებით, ხიდს კიდე ასი წელი ვერ ავაშენებთ. სიმართლე გითხრათ, მე კრებაზე არ ვიყავი. საკითხავია, ვის მიერ იყო შეცვლილი ხალხის მიერ, თუ გადაწყვეტილება ზემოდან იყო მიღებული, მაშინ ჯერ ეგ გაარკვიეთ, რის საფუძველზე მოხდა.“ - ამბობს აივაზ გახრამანოვი

„ინფორმაცია აქ მაქვს ცვლილებაზე. მე ვიცი, რომ ხიდს გააკეთებდნენ და მილებიც აქვთ უკვე მოტანილი. სხვა არაფერი ვიცი“ - ამბობს ერთ-ერთი ქალი.

„ამ ხიდის თანხა მგონი უკვე გაყოფილია. მე ხიდი მინდა გაკეთდეს. ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ. ქორწილი, სამძიმარი რომ იქნება, შორი გზიდან უნდა იარონ? ეს ხიდი საჭიროა. ჩვენ არ ვცით ცვლილებაზე არაფერი, მალულად აკეთებენ. ხრეშს ყრიან და ერთ წელიწადში წვიმის დროს იკარგება“

„ხიდი 2022 წელს იყო, მაგრამ ჯერ არ არის მზად. ტყუილია რომ განცხადება შევიდა ჩვენგან. შეცდომით თქვეს, მოხრეშვის ამბავი ჩვენ არ ვიცით. ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ვინ შეიტანა განცხადება არ ვიცი“ - ამბობს ალი ამირასლანოვი

„შარშანდელი იყო ხიდის გაკეთება და წლევანდელია გზა. ხიდის მასალა უკვე 7 თვის წინ მოიტანეს. წლევანდელზე გზის მოხრეშვაა, თორე ცვლილება და რამე არ მომხდარა. ხიდის პროექტი უკვე მზად არის და ვერ გააუქმებენ. ცვლილებაზე მე არ მაქვს ინფორმაცია“ - ამბობს სოფელში მცხოვრები კაცი.

„სოფლისთვის გაყოფილი თანხა სად წავიდა? მილები რომ მოიტანეს თქვეს, რომ ახლა დააყენებენ. დრო გააწელეს“ - ამბოს დიდ ბეგლიარში მცხოვრები ქალი

„ხიდსაც ამბობენ, გზასაც - არ ვიცი, მამაკაცებს ეცოდინებათ“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ქალი.

საკითხის მომხსეებელი, ადილ ალიევი, რადიო „მარნეულთან“ აცხადებს, რომ მას მოსახლეობის განცხადება არ უნახავს, ვინაიდან, საკრებულოს წერილით მერიამ მიმართა და საკითხის სდომაზე დაყენება სთხოვა.

„ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამომიგზავნა წერილი, მთხოვა ცვლილება.წერილში არის ჩადებული მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. მე მევალება ჩემზე დაწერილი წერილი საკრებულოზე გამოვიტანო. არ მაქვს უფლება დავბლოკო. მოსახლოების წერილი ჩვენთან არ მოდის. მრიიდან შემოვიდა წერილი და იმის საფუძველზე ვალდებული ვარ გავიტანო საკრებულოზე. გავიტანე საკრებულოზე და მივიღეთ თანხმობა. საკითხის შესწავლა მერიის კომპეტენციაში შედის. სჯობს მერიას მიმართოთ“ - ამბობს ადილ ალიევი

რადიო „მარნეულმა“ საკითხის გასარკვევად ადგილობრივ თვითმმართველობაშიც დარეკა. მერიის პიარის სამსახურში გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხს წერილობით მიმართვის შემთხვევაში გავიგებთ. ინფორმაციის გარკვევა სოფლის წარმომადგენელთანაც (ე.წ რწმუნებული) ვცადეთ, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მას ვერ დავუკავშირდით.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები