მოზარდების 10%-ის თქმით, ფულს აზარტული თამაშებისთვის მშობელი აძლევს - ექსპერტი
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტში დღეს, 26 თებერვალს, მოუსმინეს მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშს. კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ თქვა, რომ დოკუმენტის მომზადების მიზანი იყო იმ შედეგის გაზომვა, რაც მოჰყვა 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ გამკაცრებულ კანონს.
კვლევის შედეგები კომიტეტის წევრებს დაქირავებულმა ექსპერტმა, "აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელმა გუგა ბესელიამ გააცნო - დოკუმენტი UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ბესელიამ კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია მოსახლეობის მხოლოდ 2-2,5 პროცენტი, საქართველოში კი დაახლოებით 15%-მდე.

"კვლევებმა გვაჩვენა, რომ მოზარდების 10% ამბობს, რომ მათი მშობლები თვითონ აფინანსებენ მათ თამაშს, ოღონდ მიზანმიმართულად. დანარჩენების თამაშსაც მშობლები აფინანსებენ, მაგრამ იმათ არ იციან. ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია რა არის - თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე იმით, რომ, ვთქვათ, გავიდეს გარეთ და იქ თანატოლებთან ითამაშოს ფეხბურთი ან სხვა რამ. ურჩევნია, თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს. ამ ცნობიერებაზეა საუბარი", - განაცხადა ექსპერტმა, რომლის ჩართულობითაც მოამზადა პარლამენტმა კვლევა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რადგან პრობლემების არასწორი აღქმა მათ მოგვარებას აფერხებს.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ მოზარდის, არამედ სკოლის პერსონალის, მშობლების და სრულიად საზოგადოების მიმართულებით, რადგან, მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრებთან კომუნიკაციის შედეგად ფიქსირდება, რომ მშობლებს გააზრებული არ აქვთ, რომ მათი ოჯახის წევრი არის დაავადებული და არა ცუდი (ადამიანი). ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როცა პირზე ასე ფიქრობენ, ეს პირი კიდევ უფრო დიდხანს მალავს პრობლემას და პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება", - უთხრა დეპუტატებს გუგა ბესელიამ.

მან საკითხის მოგვარების ერთ-ერთ გზად დეპუტატებს შესთავაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელი, როცა არსებობს სპეციალური სახელმწიფო ორგანო, რომლის ერთადერთი მიზანიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებაა.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ბავშვებსა და მოზარდებში შეისწავლა UNICEF-მაც, დაახლოებით ორი წლის წინ. ამ კვლევის მიხედვით, "მოზარდების ნახევარი, რომელიც აზარტულ თამაშებს თამაშობს, აღნიშნავს, რომ მათი თამაშის შესახებ მშობლებმა არ იციან (46%), 18%-ის მშობლებს კი აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი შვილი აზარტულ თამაშებს თამაშობს, თუმცა ამ საკითხზე შვილებთან არ უსაუბრიათ. მშობლების 6% შვილებს თამაშს უკრძალავს, რის გამოც აღნიშნულ საკითხზე ხშირად აქვთ კონფლიქტი. მოზარდების 5% - აღნიშნავს, რომ მშობლებმა იციან მათი თამაშის შესახებ და თავად აძლევენ სათამაშო ფულს".

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები