პრეზიდენტი ილია თოფურიას დღეს დააჯილდოებს
საქართველოს პრეზიდენტი UFC-ის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას დღეს დააჯილდოებს. ამის შესახბე ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. ცერემონია 7 საათზე ჩატარდება.

„როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე
ეროვნული თანხმობის ნიშანია“,
– წერია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა ამ საკითხზე. სავარაუდოდ, მას ჯერ ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტმა ის და შალვა პაპუაშვილი ღონისძიებაზე მიიწვია.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, ესაა მისი ოფიციალური თანამდებობა, მოგეხსენებათ, ოპოზიციის ხმების ხარჯზე შეინარჩუნა კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად თანამდებობა. ამას თავი დავანებოთ, ვიცით, პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე. იმისთვის, რომ ილია თოფურიას დავუფასოთ დამსახურება ქვეყნის წინაშე, მე და შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით.

ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ, არც განიხილება ეს საკითხი, ჩვენ გვქონდა ილია თოფურიასთან ურთერთობა, რაც ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის… “,
– განაცხადა კობახიძემ.

მოგვიანებით დასმულ შეკითხვაზე კი თქვა: „არ ვიცი, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ღირსების ორდენზე მიმართვის აქტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო“.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google