ჯგუფური ძალადობის საქმეზე ზურაბ მახარაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფების „ალტ ინფოს” ლიდერს, ზურა მახარაძეს და მასთან ერთად ბრალდებულ გიორგი გოგიას, ჯგუფური ძალადობის საქმეზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა.
მახარაძის თქმით, გირაოს არ გადაიხდის რადგან ეს „პოლიტიკური ზეწოლის აქტია”.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნახავს კადრებს, რომლის საფუძველზეც ახლა ჩვენ რაღაც ბრალდება წაგვიყენეს, მიხვდება, რომ არანაირი სისხლის სამართლის საქმე მანდ არ არის. იმიტომ, რომ ეგ ისეთი რაღაც არის, რომ მაგაზე თუ ადამიანის დაჭერა შეიძლება ყველა თუ არა 90% ქართველი პოლიტიკოსების ციხეში უნდა იჯდეს და ნახევარი საქართველო, ალბათ კიდევ ზემოდან.

ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც პოლიტიკური ზეწოლის აქტს და არ გადავიხდი გირაოს და მერე თვითონ გადაწყვიტოს „ქართულმა ოცნებამ”, რომელიც სასამართლოსა და ძალოვნებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის, თუ უნდათ, რა ვიცი დამაკავონ. მე გირაოს არ გადავიხდი”,
– განაცხადა მახარაძემ

ზუგდიდში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე პროკურატურამ ძალადობრივი პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერ ზურა მახარაძესა და გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება 3 აპრილს წაუყენა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა”, – ნათქვამია პროკურატური განცხადებაში.


წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები