მარნეულის მერია რუსული კანონით მედიას და არასამთავრობოებს გამჭვირვალობას სთხოვს თავად კი ინფორმაციას არ გასცემს
რადიო „მარნეულმა“ 2023 წლიდან დღემდე მარნეულის მერიისაგან პასუხი 10-მდე საჯარო ინფორმაციაზე არ მიიღო. მერიამ არ გვიპასუხა, თუ რამდენი ლარი დახარჯეს 2023 წლიდან დღემდე მივლინებებში, ვისზე და რატომ გასხვისდა 15 წლის ვადით მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რატომ არ მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები ნარიმანოვის N1 კორპუსში, სადაც აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ქალი დაიღუპა, ვისთვის გაშალეს სუფრა 6 500 ლარად, მარნეულის რამდენი სოფელია სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი, რამდენი ადამიანია დასაქმებული ხელშეკრულებით თუ შტატით მარნეულის მერიასა და საკრებულოში და ა.შ მარნეულის მერიამ ასევე არ გამოგვიგზავნა ინფორმაცია, თუ რამდენი ლარი დახარჯა 2023 წლის განმავლობაში მედიაორგანიზაციებში მათი ინფორმაციის გავრცელებაში და მოგვწერა, რომ ამ მონაცემების ნახვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტსა და მერიის 2024 წლის ბიუჯეტში შეგვეძლო.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერი კენან ომაროვი უარს ამბობს რადიო „მარნეულისათვის“ კომენტარის მიცემაზე. მისი არჩევიდან დღემდე ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა, რომ მას გავსაუბრებოდით მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საინტერესო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პაკეტები, სამომავლო გეგმები და ა.შ.

მარნეულის მერიას „ქვემო ქართლის მედიამ“ მოუგო პირველი ინსტანციის სასამართლო დავა საჯარო ინფორმაციის საკითხზე. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა მარნეულის მერიის შიდა აუდიტის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნული პროცესი პირველ ინსტანციაში მუნიციპალიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუგო, თუმცა როგორც მედიაორგანიზაცია განმარტავს, მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ არ მიუწოდებია მათთვის საჯარო ინფორმაცია.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის კიდევ ერთხელ ინიციირების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ავრცელებენ ნარატივს, რომ რუსული კანონი რეალურად გამჭვირვალობისთვისაა საჭირო და აზიარებენ ერთი და იგივე შინაარსის პოსტებს, რომ მათ „სურთ გამჭვირვალობა“. მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები გამჭვირვალობას ითხოვენ იმ ორგანიზაციებისაგან, რომლებიც ისედაც გამჭვირვალეები არიან, თავად კი ხშირ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ.

ადგილობრივი თვითმმართველობების ინდექსის 2023 წლის მონაცემებით, მარნეულის მერია ყველაზე დაბალი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდა.

ახალი პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც თვითმმართველობების გამჭვირვალობას განსაზღვრავს, ქვეყნის მასშტაბით ლიდერი მუნიციპალიტეტი ფოთია. მარნეული 49-ე ადგილს, 24%-ით იკავებს. 2022 წლის მონაცემებით კი მარნეული 43 ადგილზე , 22%-ით იყო წარმოდგენილი.

შეფასების მიხედვით, მარნეული გამჭვირვალობის თვალსაზრისით ჩამორჩება ქვემო ქართლის ისეთ მუნიციპალიტეტებს, როგორიცაა ბოლნისი (43 % ) გარდაბანი (35% ) დმანისი (28 %) თეთრიწყარო (25%).

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე დღემდე პრობლემაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში, მუნიციპალიტეტის წლიური ანგარიშების წარდგენა, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ, აუდიტის ანგარიში, საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა და სხვა.

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისაგან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები გამჭვირვალეა და მათი ნახვა ორგანიზაციების ვებგვერდებზეა შესაძლებელი. მარნეულის მერია გამჭვირვალობას რადიო „მარნეულისაგანაც“ ითხოვს, ჩვენი აუდიტის დასკვნების და წლიური ანგარიშების ნახვა კი ყველასათვისაა შესაძლებელი. საიტზე marneulifm.ge შესვლის შემდგომ უნდა აირჩიოთ „ჩვენს შესახებ“ განყოფილება, სადაც აუდიტსა და ანგარიშებს ნახავთ.

რადიო „მარნეული“
ამავე თემაზე: 
10 დღით გაწელილი უპასუხო პასუხით მარნეულის მერიამ ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია 15 წლით გასხვისდა - მერია არ ასაჯაროებს როგორ შეარჩიეს მოიჯარე
მერიამ პირველ ივლისს 6 500 ლარიანი სუფრა გაშალა - უცნობია ვისთვის და რა მიზნით
მარნეულის მერია გამჭირვალობის ინდექსით გარდაბანს, ბოლნისს, დმანისს და თეთრიწყაროს ჩამორჩება


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები