პრეზიდენტი: ვინც რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ გაიმარჯვებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის შემოტანა დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია და დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ან მონობის არჩევანის წინაშე დგას.
ეს განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.

„ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავნ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული
კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ესაა მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.

ვერავინ, დღეს და ხვალ და ზეგ საქართველოში ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ ვერ გაიმარჯვებს!

მე არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა – გვინდა ის,რაც მოხდა 1989 წლის 9 აპრილს თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ესაა, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი“,
– განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google