ამერიკული კანონისგან ძალიან განსხვავდება — აშშ-ს ელჩი „რუსულ კანონს” აკრიტიკებს
აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა როგორც საჯაროდ, ისე პირადად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამოხატა სერიოზული შეშფოთება პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

დანიგანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ ჰგავს ამერიკულ FARA-ს.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონმდებლობა გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, რასაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან ქართველ ხალხისთვის. ეს არ არის შეშფოთება მხოლოდ აშშ-სგან — ევროკავშირი, ნატო, ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი, გაერო, ევროპის მრავალი ცალკეული ქვეყანა და პარლამენტარები ასევე გამოხატავენ სერიოზული შეშფოთებას ამ კანონმდებლობის გამო. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე“, — განაცხადა დანიგანმა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობითა და მეგობრობით.

„რას ნიშნავს ეს? რასაც მეგობრები აკეთებენ, ეს არის მეგობრების მხარდაჭერა, რათა გაძლიერონ ისინი. ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვის ძალები, გააძლიერა და აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა. ჩვენი დახმარებით ავაშენეთ საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები და სასწრაფო დახმარების მუშაკები, ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. გავცემთ სესხებს მცირე ფერმერებისთვის, მცირე ბიზნესისთვის. ჩვენ მოვამზადეთ ქართველი ახალგაზრდები.

გავხსენით ღია ამერიკული ცენტრები, სადაც გთავაზობთ ინგლისური ენის ცოდნის უფასო სწავლებას, წიგნებს. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით შესაძლებლობა, ისწავლონ და და გაიარონ პროგრამები შეერთებულ შტატებში. ეს არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყნების გაძლიერებას და მათი განვითარების უნარს, გახდნენ ეკონომიკურად უფრო აყვავებული და დაიცვან თავი. მე ძალიან ვამაყობ იმ დახმარებით, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს და არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა ეს დახმარება“,
— განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს და მის მთავრობას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ასე რომ, თქვენ უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს — კარგია თუ არა კანონპროექტი, რომელზეც შეშფოთება გამოხატა ყველა დასავლელმა პარტნიორმა და მეგობარმა, მაგრამ მიესალმა ოკუპანტი?! ეს კანონპროექტი არ ჰგავს შეერთებული შტატების კანონს. შეერთებული შტატები მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს და მათ საქმიანობას. ჩვენი კანონი დარეგისტრირებას მოითხოვს კონკრეტულად ორგანიზაციებსა და პირებისგან, რომლებსაც უხდიან ფულს ლობირებაში უცხო მთავრობები ან უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ. ძალიან განსხვავებული კანონია“, — განაცხადა დანიგანმა.

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

„ქართული ოცნება“ კანონს ამერიკული FARA-ს ანალოგად ასახელებს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები