ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ
პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან
გადაყვანილები.
მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5
მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს
„ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების
ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ
სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს
ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე,
თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5
მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო
მომსახურება ჩაუტარდათ”, – ამბობს ის.
გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ
მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია.
პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის
წარმომადგენლებს.
სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს
„აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და გიორგი
ბადრიძეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც
დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა
მათგანი ნაცემია.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ
უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და
პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა
ჯანმრთელობას.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.