შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა
შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, სადაც რუსულ კანონს I მოსმენით განიხილავენ, 4 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ანა ნაცვლიშვილი.

ისინი უმრავლესობის სიტყვით გამოსვლების პარალელურად სკანდირებდნენ: „არა რუსულ კანონს!”. მათ მმართველი პარტიის წევრებს „მოღალატეებიც” უწოდეს.

სხდომა დატოვა გახარიას პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

მოქალაქეების, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის და მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართული ოცნების” ხელისუფლება I მოსმენით განიხილავს რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვისკენ არის მიმართული.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები