“არა რუსულ კანონს!” – რეგიონებში საზოგადოებრივი განხილვები დაიწყო
რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას უხსნიან, რატომ არის “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული კანონი რუსული, როგორ აშორებს ქვეყანას ევროკავშირს და რა დამატებით საფრთხეებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება.

დისკუსია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პირველი შეხვედრა დღეს, 24 აპრილს, ქუთაისში ჩატარდა.მეორე შეხვედრა გაიმართება ხვალ, 25
აპრილს, 17:00 საათზე, ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან. მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, გაიმართება ბათუმში. მონაწილეები ამბობენ, რომ დაგეგმილია შეხვედრები სხვა ქალაქებშიც.


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა.

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. აქცია დაგეგმილია დღესაც, 21 აპრილსაც, 19:00 საათზე.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები