შსს 9 აპრილის ქუჩაზე რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ დღეს 9 აპრილის ქუჩაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

“პარლამენტში კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.

მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა
დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია.

პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.

მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.

მიუხედავად პოლიციის და ასევე, თავად აქციის სხვა მონაწილეების არაერთი მოწოდებისა, ძალადობრივი ჯგუფები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.

პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი.

აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას.

ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.

აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

აქციის წევრები ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებსა და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

ასევე, აქციის რამდენიმე მონაწილემ დააზიანა ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას”,
– განაცხადა დარახველიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ მაისს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე — ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.

„ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, — აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.

„ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, ერთ სამართალდამცავს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატებით მობილიზებულია, ასევე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დაწყების დროიდან“, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები ნაწილი ამბობს, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. მათ შორისაა, „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები