პაპუაშვილის თქმით, რუსული კანონი ხვალიდან ამოქმედდება
პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი დღეს მოაწერა. მისი თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება.

იუსტიციის სამინისტრო ორ თვეში შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს, სექტემბრის დასაწყისიდან კი ორგანიზაციებს უცხო ძალის ინტერესის გამტართა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება გაუჩნდებათ.

„დღეს მოვაწერე ხელი. ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ
პორტალს და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება დარეგისტრირების და დეკლარირების 2023 წლის ფინანსების“,
– განაცხადა მან.

ორგანიზაცების უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ აპირებენ, კანონს დაემორჩილონ.

კანონის მიხედვით, მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google