წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ხრამზე გამავალი მილი 67 968 ლარად შეკეთდება
26 მაისის მდინარე ხრამის ადიდების გამო სოფელ საიმერლოში მდებარე სასმელი წყლის სატუმბი სადგურის მილსადენი დააზიანა რის გამოც სოფლებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. სადგურის მილსადენით სასმელი წყალი შულავრის ადმინისტრაციული ერთეულის 14 სოფელს მიეწოდებოდა.

მარნეულის მერიამ სოფელ საიმერლოში არსებული სასმელი წყლის სატუმბი სადგურის მილსადენის შეცვლისათვის, გამარტივებული წეისთ, ხელშეკრულება შპს „ჯორჯია“-სთან გააფორმა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 26 მაისს მოსული
უხვი ნალექის (ძლიერი წვიმა) დატრიალებულმა სტიქიურმა მოვლენებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ადიდებულმა მდინარე ხრამმა დააზიანა სოფელ საიმერლოში მდებარე სასმელი წყლის სატუმბ სადგურზე არსებული მილსადენი, რომელიც კვეთთა მდინარე ხრამს და სასმელი წყლით ამარაგებდა შულავრის ადმინისტრაციული ერთეულის 14 სოფელს (/ იმირი / არაფლო / წითელისოფელი / დაშტაფა / მარადისი / მარეთი / არაფლო / სეითგოჯალო / ახლომახმუდლო / ენიქენდი / შულავრის დაჩები / იმირის დაჩები) მოცემული დროისათვის - შეიძლება ითქვას პრაქტიკულად აღარც არსებობს, რის გამოც ამ დროისათვის შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხაზის / პუნქტის - 1732 აბონენტი უკვე რამდენიმე დღეა დარჩენილია სასმელი წყლის მიწოდების გარეშე, რამაც შექმნა მეტადრე სავალალო მდგომარეობა იმ ტერიტორიულ ლოკაციაზე, რასაც ემატება წყალდიდობის შემდგომ შექმნილი შლამით მოტანილი ანტისანიტარიული ვითარებაც, რომლის გაწმენდითი სამუშაოებით სრულად აღმოფხვრასაც გარკვეული პერიოდი ესაჭიროება. აღნიშნული ქსელის აღდგენის მიზნით საჭიროა 360 გრძივი / მეტრი (D=219 მმ / სისქე 8 მმ) სასმელი წყლის ლითონის მილი“
. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 360 გრძივი/მეტრის მილსადენის შესყიდვისათვის შპს „ჯორჯია“-ს 67 968 ლარი გადაუხადა. თანხა მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 30 მაისს გაფორმდა, კომპანია ვალდებულია მერიას მიაწოდოს მილი და დაამონტაჟოს ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 დღის განმავლობაში.

რადიო "მარნეულს" მარნეულის სოფწყალის ხელმძღვანელმა აკიფ ალიევმა განუცხადა, რომ საიმერლოს სატუმბ სადგურზე სამუშაოები მიმდინარეობს და ახალი მილსადენი, სავარაუდოდ, 2-3 დღეში მოეწყობა. 

26 მაისს მარნეულში მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სტიქიას მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი 6 სამუშაო ჯგუფი სწავლობს, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული ზარალის ოდენობის შესახებ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google