მეწყერსაშიში და წყალდიდობის საფრთხის შემცველი ადგილები მარნეულში - გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდინარე მტკვრის, ალგეთის, რამის და დებედას მაღალი ტერასების კიდისპირა ზოლებში მდებარე სოფლებში. კერძოდ, სოფელ ქესალოს, პირველი და მეორე ქესალოს, აზიზქენდის და ალგეთის ტერიტორიებზე. წყალდიდობა-აკუმულაციური და ნაპირების გარეცხვის საშიშროება კი დგას მდინარე მტკვრის, დებედას და ხრამის ჭალებში - სოფელ ამბაროვკიდან წითელ ხიდამდე მონაკვეთზე, სოფელ აზიზქენდის, პირველი და მეორე ქესალოს, იმირის, კუტლიარის,
კაჩაგანის, დიდი მუღანლოს, შულავერის, მამაის, კირაჩ-მუღანლოსა და თამარისის მიმდებარე ჭალებში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტენის „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზები 2024 წლისთვის“ მიხედვით, მარნეულის ტერიტორიაზე სააგენტომ 2023 წელს შეისწავლა 8 დასახლებული პუნქტი.

„აღნიშნული დასახლებული პუნქტების ფარგლებში საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარება იმდენად უმნიშვნელო ხასიათს ატარებს, რომ გარემოს სახეცვლაზე ფონურ დონეზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა არის გარკვეული აქტიური უბნები, რომელიც აზიანებს და საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს“. - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა იმ ობიექტების ჩამონათვალიც, რომლებიც გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაშია მოქცეული. მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი 6 ადგილია გამოყოფილი.

1. ქალაქ რუსთავსა და წითელ ხიდს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამხრეთ განაპირა პერიფერიაზე 16.7 ჰექტარზე მეწყრული ფართობია რომელიც აზიანებს მაღალი ძაბვის გადამცემ ანძებსა და საძოვრებს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდგომარეობა საშუალო რისკის შემცველად შეაფასა და ანძების გადატანისა და ზედაპირული წყლების რეგულირების რეკომენდაცია გასცა.
2. სოფელ ამბაროვკაში მდინარე მტკვრის მარჯვენა ფერდზე 65.13 ჰექტარი მეწყრული ზონაა. მეწყრული ზონა საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, ელექტრო გადამცემ ანძებს, წყალსაქაჩ სადგურსა და სოფლის შიდა გზებს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ამბაროვკაში მეწყრული ზონა საშიშროების საშუალო რისკად შეაფასა და ზედაპირული წყლების რეგულირებისა და მონიტორინგული კვლევების განხორციელების რეკომენდაციები გასცა.
3. სოფელ ქულარში მდინარე ხრამის მარცხენა ფერდობზე მეწყრული ფართობი 3 ჰექტარს მოიცავს. ის აქტიურ საშიშროებას უქმნის საცხოვრებელ სახლებს, კავშირგაბმულობის ანძებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და სავარგულებს. გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ქულარში წარმოქმნილ მეწყრულ ზონაზ მაღალი რისკის შემცველად აფასებს და ზედაპირული და გრუნტის წყლების რეგულირების, ფერდობის დატერასების, ქვედა ნაწილში მდინარე ხრამის ნაპირის მარჯვენა მხარეს გადაგდებისა და ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციას გასცემს.
4. სოფელ იმირში მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე 255 გრძივ მეტრზე ნაპირის გარეცხვის საშიშროებაა. საფრთხე ექმნება სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას, შიდა საუბნო გზასა და სავარგულებს. იმირში საშიშროების რისკი დაბალია და საჭიროა ნაპირსამაგრი ღონისძიებების განხორციელება.
5. მოსალოდნელია მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირის 1 380 გრძივი მეტრის ნაპირის გარეცხვა-ჩამოშვავება. ადგილი აქვს 25-30 მეტრამდე სიმაღლის მტკვრის მარჯვენა ტერასის გარეცხვას და მცირე მეწყრული მასების ჩამოშვავებას, სადაც ზიანდება სასოფლო სამეურნეო სავარგულები. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რისკი საშუალოდ შეაფასა და პერიოდული მონიტორინგული კვლევების დაწყებისა და გამაფრთხილებელი ფირნიშნების მოწყობის რეკომენდაცია გასცა.
6. მდინარე ალგეთის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ჯანდარის აღმოსავლეთით, 3.84 ჰექტარზე მეწყრული ზონაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, მეწყრულ სხეულზე გვხვდება ძველი დანგრეული ნასახლარები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. მეწყრული ზონა საშუალო რისკის შემცველია და აზიანებს ელექტრო ანძებს. სააგენტოს რეკომენდაციით, საჭიროა ფერდობის გატყიანება, პერიოდული მონიტორინგული კვლევების დაწყება და ანძების გადატანა მდგრად ადგილზე.


გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 1 360 ტერიტორიაზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესი, ხოლო 229 ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესი რაც, 2011 წლიდან დღემდე არსებული მონაცემების მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს მარნეულში მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სტიქიას მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი 6 სამუშაო ჯგუფი სწავლობს, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული ზარალის ოდენობის შესახებ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google