თბილისში კიდევ ერთ აქტივისტს დაესხნენ თავს
თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, კიდევ ერთ აქტივისტს, ლერი დარჯანიას დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც დაშავებულის მეგობარი ფეისბუკზე წერს, დარჯანიას დილის 8 საათზე საცხოვრებელ სახლთან 7 პირი დაესხა თავს:

„დღეს დილით, 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების „ტიტუშკები”, დაახლოებით, 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან…
იცოდნენ, ლერი მოჭიდავეა, 1 და 2 ქოცი „ტურა” ვერ მოერეოდა, ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს“ ,
— წერს აქტივისტი დათუნა დანელია.

მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ დარჯანიას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კითხვაზე, არის თუ არა ამ დროისთვის ვინმე დაკავებული აქტივისტზე თავდასხმის ბრალდებით, უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები