საქართველოში ყურძნის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
2023 წელს ქვეყანაში 5 067 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებში
ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წელს საქართველომ 4
111 ტონა ყურძნის იმპორტი განახორციელა, 2021 წელს 3 493 ტონის, 2020
წელს 2 335 ტონის და ა.შ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შარშან 5 067 ტონა პროდუქტი ქვეყანაში
5,910 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა. შესაბამისად, 1 კგ იმპორტირებული
ყურძნის ღირებულება საშუალოდ 1,17 აშშ დოლარია (გადასახადის გარეშე).
ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით, 1 კგ-ის ფასი დაახლოებით, 3,15
ლარი გამოდის. ეს მაშინ, როდესაც, ქსელურ მარკეტებში 1 კგ
იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 22,50 ლარია. გამოდის, 1 კგ
პროდუქტი მაღაზიებში 614%-იანი ფასნამატით იყიდება.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2023 წელს საქართველოში ყურძენი
ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი სომხეთია
57%-იანი წილით, რომელსაც თურქეთი და უზბეკეთი მოსდევს.
გთავაზობთ, ტოპ-5 იმპორტიორ ქვეყანას:
- სომხეთი - 2 986 ტონა (2,813 მლნ აშშ
დოლარი)
- თურქეთი - 739.8 ტონა (717.6 ათასი აშშ
დოლარი)
- უზბეკეთი - 710.9 ტონა (1,117 მლნ აშშ
დოლარი)
- ირანი - 487.2 ტონა (893.5 ათასი აშშ
დოლარი)
- ნიდერლანდები - 82.4 ტონა (287.9 ათასი აშშ
დოლარი)