26%-მდე დაიწევს 2023 წლამდე გაცემული 150 000 საპენსიო სესხის განაკვეთი
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და „ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი. მთავრობის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან". 2023 წლის პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-ით განისაზღვრა.

ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ განმარტა: „ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე, ეს არის საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებული სესხები, ეხება, როგორც ოვერდრაფტებს, ასევე, ჩვეულებრივ სესხებს. „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სესხების პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს [26%], რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. პროცენტების სერიოზული შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს ადრე, 2023 წლამდე, საშუალოდ 30%-ზე ზევით არის სესხები. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი არის 150 000 სესხი, შესაბამისად, სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს..."

ბექა გოგიჩაიშვილმა, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორმა თქვა, რომ იმ პენსიონერებს რომლებიც ჯერჯერობით ვერ ან არ სარგებლობენ განახლებული პირობებით, შემცირებული პროცენტით, „ლიბერთი ბანკი" გადაიყვანს 2023 წლიდან მოქმედ შემცირებულ პროცენტზე [26%].

როგორც გოგიჩაიშვილმა თქვა, შეთანხმების განხორციელების ტექნიკურ გზებზე მუშაობა გაგრძელდება. „ვაცნობებთ საზოგადოებას აღსრულების ნაწილში თარიღებს და სხვა ტექნიკურ დეტალებს", - დაამატა მან.

პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები