როგორი იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისთვის სასწავლო წელი
მარნეული მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა ათი თვის წინ შეიტყვეს, რომ გარკვეული დროით საკლასო ოთახებს უნდა დამშვიდობებოდნენ და სწავლება დისტანციურად, მათთვის უჩვეულო გარემოში წარემართათ. ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩენილმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა რეალობასთან შეგუება დაიწყეს. გიორგი ჭაუჭიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი და "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019"-ის გამარჯვებულია.

ის ერთ-ერთი იყო, რომელსაც დისტანციური სწავლების გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, თუმცა მაშინ სწავლების ახალ მოდელზე გადასასვლელად ბევრ პრობლემას ხედავდა, მათ შორის ინტერნეტის, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის და კომპიუტერული უნარ-ჩვევების თვალსაზრისით. პედაგოგი რადიო „მარნეულთან“ დისტანციური სწავლების წელს აჯამებს.

„სწავლის მიმართულებით საოცრად მოულოდნელი წელი იყო. ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში მოგვიწია გადავსულიყავით მთლიანად სხვა რეალობაში. ასეა თუ ისე, რაღაც გამოცდილება მივიღეთ ამ მიმართულებით. აქ არის ორი ფაქტორი. ერთია ის, რომ  რა გავაკეთეთ ჩვენ და რას გავართვით  თავი დამაკმაყოფილებლად თუ მეტნაკლებად წარმატებით. მეორე არის ის ფაქტორი, რომელიც უკავშირდება მოსწავლეების და მათი ოჯახების სოციალურ ფაქტორებს. ვგულისხმობ იმას,  რომ ეს სწავლების ფორმატი დაკავშირებულია მატერიალურ უზრუნველყოფასთან. ამისთვის საჭიროა აუცილებელი პირობა, რომ ოჯახს ჰქონდეს ტექნოლოგიები და ჩართული ინტერნეტი. ზოგიერთ შემთხვევაში და არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სირთულეებთან. ჩემი სკოლის და კლასის მაგალითზე, მე შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა მოსწავლეს ამ მხრივ გარკვეული შესაძლებლობა ჰქონდა.  რა საკვირველია, დასაწყისში ეს ასე  არ იყო, თუმცა დროთაგანმავლობაში ეს მოვახერხეთ, იგივე სკოლის დაინტერესებით და ცხადია,  პირველრიგში მშობლების ჩართულობით, რომელიც ასე თუ ისე, მოხერხდა“


გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ გამართული ტექნოლოგიების და ინტერნეტის ფონზე, არც გაკვეთილების წარმართვაა ადვილი, როდესაც მოსწავლეები მათთვის უჩვეულო გარემოში იმყოფებიან.

„ამ ყველაფერს  სჭირდებოდა გამოცდილება. ტექნიკური თვალსაზრისით კი გარკვეული ცოდნა. მეორე მხრივ რესურსული უზრუნველყოფა. ის, რომ ჩვენ დაუშვათ, როდესაც მოსწავლეებს საკლასო ოთახებში თვალებში ვუყურებთ  და გვაქვს საშუალება, რომ წარვმართოთ გაკვეთილი, ამ შემთხვევაში გამოგვეცალა ხელიდან. რთულია, რომ  სხვადასხვა ადგილებზე მყოფ ოცდახუთ მოსწავლეს ასე  მოუწოდო წიგნი გადაშალე, რვეული გადაშალე, ჩახედე და ასე შემდეგ. ამას სჭირდებოდა თავისი რესურსული უზრუნველყოფა. საკითხავი ტექსტის თუ მოსასმენის დავალების  მოფიქრება,  რასაც ერთი დრო სჭირდება, მეორე კიდევ ცოდნა. ჩვენ არ გვქონია ასე დალაგებული და გამზადებული მასალები , რომ, მაგალითად, ონლაინსწავლებისთვის გამოგვეყენებინა, თუმცა რაღაცები იქმნება“

პედაგოგი გვეუბნება, რომ პირველ სემესტრთან შედარებით, სიტუაცია ახლა ბევრად გაუმჯობესდა და ფსიქოლოგიურადაც მომზადებულები შეხვდნენ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის უკვე მეორე ეტაპს.

„თითქოს არ არის სრულფასოვანი სწავლება და მოსწავლეც გარკვეულწილად არასერიოზულად უდგება ამას და მშობელიც, შეიძლება მასწავლებელიც კი. ხოდა, ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ შეიძლება ამ ფორმატზე მოგვიწიოს გადასვლა (გარკვეული დროით).  თითქმის ერთი წელი გადის და ეს წელი ხომ არ უნდა დავკარგოთ? შესაბამისად, დისტანციური სწავლების საკითხს, მთელი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ"


გიოგრი ჭაუჭიძის სურვილი პანდემიის მალე დასრულება და ონლაინ სწავლების პრაქტიკაში დამკვიდრება და დაგეგმილად გამოყენებაა.

გარეკანის ფოტო: "ლიბერალი"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები