მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე პოლონეთში მივლინებით იმყოფებოდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე მივლინებით იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც შედგა შეთანხმება პარტნიორობის შესახებ ქალაქ კობილნიცასა და ქალაქ მარნეულს შორის. ინფორმაციას მარნეულის საკრებულო ავრცელებს. როგორც ამირან გიორგაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, მასთან ერთად პოლონეთში მერიის სამი თანამშრომელიც იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.

„მოხდა პარტნიორული და მეგობრული კავშირის ჩამოყალიბება ქალაქ კობილნიცასა და მარნეულის თვითმმართველობებს შორის. მიზანი იყო პარტნიორ ქალაქებში - ინფორმაციის პოპულარიზება, თანამშრომლობა სკოლებს შორის, ბავშვების და ახალგაზრდების ჯგუფებისთვის გაცვლითი პროგრამების ორგანიზება, კულტურის, სპორტის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ძირითადად ეს საკითხები. ჩვენ ვაპირებთ, ღვინის ფესტივალზე მოწვევას, არა მარტო კობილნიციდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ იქ წარმომადგენლები (სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, და ა.შ) მოვიწვევთ მათ და კიდევ ერთხელ გავივლით აღნიშნულ თემებს. რის შემდეგაც გადავწყვიტავთ რა ფორმით მოხდება (განხორციელება) პირველ რიგში გვინდა, სტუდენტების გარკვეული ჯგუფის გამგზავრება მოხდეს, არ არის გამორიცხული, ვისაც სურვილი გაუჩნდება იქ ისწავლოს“ - ამბობს ამირან გიორგაძე

საკრებულოს ინფორმაციით, შეთანხმების განხორციელება მოხდება გაცვლითი პროგრამების გზით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მმართველობითი ორგანოების, კულტურის სფეროს, ადგილობრივი ბიზნესისა და ოჯახური ბიზნესის წარმომადგენლები. უდიდესი პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდული ჯგუფების, ორგანიზაციების და ასევე ასოციაციების წევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. ამ შეთანხმების ორივე მხარისაგან მოსალოდნელია, რომ გაითვალისწინებენ ბიუჯეტის დაგეგმვაში საჭირო ოდენობის ფინანსურ რესურსებს, რათა მოხდეს საერთო პროექტების რეალიზება. თვითმმართველობები, რომლებიც ჩართული არიან თანამშრომლობაში, ერთად მოიძიებენ და განკარგავენ ფონდის სახსრებს.

18-21 ივნიის, ამირან გიორგაძესთან ერთად პოლონეთში იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ნინო დეკანოიძე და ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ირინე მაჭარაშვილი.

გარეკანის ფოტო: საკრებულო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები