აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლები საკუთარი საგნის ჩაბარებით სტატუსის ამაღლებას წელს პირველად შეძლებენ
არაქართულენოვანი სკოლების აზებაიჯანული ენისა და ლიტერატურის და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა წელს პირველად მიეცემათ. საუბარია პრაქტიკოს მასწავლებლებზე, რომლებიც კომპეტენციის დადასტურებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. ასეთი მარნეულის მასშტაბით 370, ქვეყნის მასშტაბით კი 700 პედაგოგია. ელმირა თარზიანი 47 წელია, რაც მარნეულში სომხურ ენას და ლიტერატურას ასწავლის. უნარები ჩაბარებული აქვს, ახლა საგნის გამოდისთვის ემზადება, დრო ზაფხულამდე აქვს.
იმ შემთხვევაში თუ ჩააბარებს, უფროსი მასწავლებლის სტატუსს და გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

„აქმადე სრულფასოვან მასწავლებლად ვერ ვგრძნობდი თავს. უნარების გამოცდა ჩაბარებული მაქვს, მაგრამ სომხური ენის გამოცდა არ იყო, შესაბამისად ვერ ჩავაბარებდი. ძალიან გამიხარდა, როცა ამ გამოცდის შესახებ გავიგე. ძალიან მნიშვნოლოვანია ეს, რათა მე თავი სრულფასოვნად ვიგრძნო მოსწავლეებთან. ტესტები ჯერ არ მინახავს, პროგრამა ვნახე და ვფიქრობ, ლიტერატურის მასწავლებლისთვის ეს ნორმალურია“ – ამბობს წერეთლის სკოლის სომხურენოვანი სექტორის მასწავლებელი, ელმირა თარზიანი.

ელმირას მსგავსად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას ვერ ახერხებდნენ სხვა მარნეულელი პედაგოგებიც. გულარა აჯალოვამ, სამირა იბრაგიმოვამ და რიმა გარიბიანმა სასერტიფიკაციო გამოცისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

„წლების განმავლობაში ამ გამოცდას მოუთმენლად ველოდით. ყველა საგანში იყო გამოცდა ჩენი საგნის გარდა. ყველა მივიღებთ მონაწილეობას გამოცდებზე. მაგალითისთვისაც ვიცით, რომ ენათმეცნბიერებაზეც იქნება საკითხები. ლიტერატურაზე ალბათ, მაგრამ ზუსტად არ ვიცით რა იქნება. პროგრამის ნაწილი გვაქვს უკვე“ - ამბობს ქალაქ მარნეულის N3 სკოლის მასწავლებელი გულარა აჯალოვა

“მშობლიური ენის ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის. მიხარია , რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა. მაგრამ არის სირთულეებიც. ვფიქრობ, ტესტირება რთული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში აპრობირებული ტესტები იქნება აქაც. იქაური ტესტები ძალიან ძნელია. საათები ბევრია და პროგრამა განსხვავებული. გრამატიკაა რთული. სომხმეთშიც კი, ამ ტესტებით მასწავლებლების მხოლოდ 20% -მა ჩააბარა.", - ამბობს ხოჯორნის სკოლის პედაგოგი, რიმა გარიბიანი

„ცხადია, ძალიან მიხარია, რომ ჩემ საგანში ტესტირება იქნება. ბევრი მასწავლებელია, ვინც სტატუსს ვერ იღებდა. განვითარების შესაძლებლობაც არ გვქონდა. სხვა საგანზეც არ გავსულვარ, მაინც მქონდა იმედი, რომ ჩემ საგანშიც იქნებოდა ამის შესაძლებლობა. საქართველოში ბევრი აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა და შესაბამისად, აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის მასწავლებელიც ბევრია. ჩემი დედამთილი 40 წელია, რაც სკოლაში ფილოლოგად მუშაობს. მასაც არ ჩაუბარებია გამოცდები. ახლა ორივეს დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს საგანში ჩავაბარებთ გამოცდებს“ ,- თქვა ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, სამირა იბრაგიმოვამ. 

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი, ნინო ბერიკაშვილი ამბობს, პედაგოგების ცოდნა რამდენიმე კომპონენტით შეფასდება.

“ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ პედაგოგები მუდმივად განიცდიდნენ ამ საკითხს ძალიან მტკივნეულად და თვლიდნენ, რომ განსხვავებულ პირობებში იყვნენ აღმოჩენილები. ყველა მასწავლებელი, ვინც გადაწყვეტს, რომ გამოცდა უნდა ჩააბაროს, რა თქმა უნდა, დაიწყებს მომზადებას.  საგამოცდო საკითხები იმგვარად არის შედგენილი, რომ მათგან მოითხოვს მაღალ კომპეტენციას. ეს არის სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა თუ საგნის სწავლების აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალა. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, ტექსტის გააზრება და ასე შემდეგ, რაც მათ კომპეტენციას აამაღლებს. ყველა საგანჩაბარებული მასწავლებელი შეიცვლის სტატუსს და სტატუსის ცვლილება, ცხადია, აისახება მათ სახელფასო ანაზღაურებაზე“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საგამოცდო დავალებების ბაზა ორივე საგანში მზად არის. მიმდინარეობს საგამოცდო ტესტების საბოლოო დიზაინზე მუშაობა. ცენტრის ექსპერტები თანამშრომლობენ აზერბაიჯანის საგამოცდო ცენტრთან, გარდა ამისა, მოწვეულნი არიან წამყვანი არმენოლოგები.

„გამსწორებელების შერჩევასა და ტრენინგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს აპრილი-მაისი-ივნისის თვეებში. გაასწორებენ ცენტრის მიერ შერჩეული ექსპერტები. ეს გამოცდებიც ჩატარდება პედაგოგების გამოცდების პარალელურად.  ყველა საჭირო ინფორმაცია (პროგრამა, ტესტის ნიმუშები) ჩვენს ვებგვერდზე უკვე არის გამოქვეყნებული.“,
- უთხრეს რადიო „მარნეულს“ შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრში

კმპეტენციის დამადასტურებელ ტესტირებაზე შემოწმდება:

• სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
• საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
• მოსწავლის ცოდნისა და უნარის გაზომვა შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;
• უცნობი ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
• კრიტიკული აზროვნების უნარი;
• წერის კულტურა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები