"პატარა გოგო გათხოვების გამო ტიროდა"- ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კონკურსის გამარჯვებული მეხოშ გუსეინოვა
მეხოშ გუსეინოვას ნახატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. სურათი, რომელიც იძულებით ქორწინებას ასახავს, რეალურ ისტორიას გვიყვება. როგორც მეთერთმეტე კლასისი მოსწავლე მეხოშ გუსეინოვა ამბობს, კონკურსის შესახებ ინფორმაცია სკოლაში საინფორმაციო შეხვედრის დროს გაიგო. სურათზე ცრემლებიანი პატარძალი დახატა. გოგონა, რომელიც საკუთარ სოფელში იძულებით გაათხოვეს.

„რამდენიმე თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვიდნენ ჩვენს სკოლაში და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით გველაპარაკენენ. სწორედ მაშინ გვითხრეს ამ კონკურსის შესახებ და გოგო დავხატე, რომელიც ტირის. ჩვენი სკოლიდან ბევრი ბავში გავიდა ადრეული ქორწინების გამო. ხშირად ვხედავ პატარა ბავშვები რომ ქორწინდებიან. ერთხელ დავინახე, რომ პატარა გოგო გათხოვების გამო ტიროდა. როცა ამ სურათს ვხატავდი, იმ გოგოს სახე წარმომიდგა თვალწინ და ჩემი ფანტაზიით დავხატე. ნაადრევი ქორწინება ძალიან ცუდი რამეა“ - ამბობს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.

მეხოშ გუსეინობა თბილისში, 218-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. ჯერჯერობით არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა ამბობს, რომ მისთვის განათლება პრიორიტეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. გამოცხადებული იყო ნახატების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა, 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვმა. დასკვნით ღონისძიებაზე შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ ნახატების კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულებს.

კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზანს ემსახურება.

გარეკანის ფოტო: შსს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები