საქართველოს პარლამენტის წევრს, ტარიელ ნაკაიძეს ყურბან ბაირამის
დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო 500 ლარი
ჩამოაჭრეს.
ეს მისი ხელფასის 10% - ია. ნაკაიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ
წინა დღეებში პარლამენტში საჯაროდ განაცხადა, რომ მისი კულტურისათვის
მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნის გამო, სხდომების გაცდენა
მოუწევდა, გარემოება არ გაითვალისწინეს და ჯარიმა მაინც დააკისრეს.
პარლამენტარი უთანასწორო და დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს
ეთნიკური უმცირესობების მიმართ.
„27 ივნისს, როდესაც გაიმართა პარლამენტის პლენარული სხდომა, მე
განვაცხადე, რომ 28 ივნისს არ ვიქნებოდი სესიაზე, რადგანაც ამ თარიღში
იყო მუსლიმური დღესასწაული ყურბან ბაირამი. აქვე განვაცხადე, რომ
აუცილებელია ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ რელიგიურ უმცირესობებს
ჰქონდეთ საკუთარი დღესასწაულების აღნიშვნის საშუალება და ეს დღეები
გამოცხადდეს უქმედ. ეს იყო პრინციპში ერთგვარი აქცია. სიმართლე
გითხრათ, იმედი მქონდა ამას გაითვალისწინებდნენ და საპატიო მიზეზად
ჩათვლიდნენ, მაგრამ ის, რაც მომივიდა პასუხი მეილზე იქ კონკრეტულად
არასაპატიო მიზეზად ითვლებაო და შესაბამისად მაქვს საფუძველი, რომ არ
გაითვალისწინეს. ეს ჩემთვის არის უბრალოდ მნიშვნელოვანი და ერთადერთი
თვალსაჩინო მაგალითი რატომ არის პრობლემა, მაგალითად, ერთ დომინანტურ
რელიგიას აქვს თითქმის რამდენიმე დღე დღესასწაულად გამოცხადებული,
უქმედ გამოცხადებული რელიგიური დღესასწაულები და არცერთ სხვა რელიგიურ
უმცირესობებს არ აქვთ ამის შესაძლებლობა. ეს არის დისკრიმინაციული
მიდგომა ზოგადად კანონით. ეს არის არასწორი, თუ რომელიმე რელიგია
სარგებლობს, როგორც მინიმუმ ერთი დღე ძალიან მნიშვნელოვანი
დღესასწაულით უნდა ისარგებლოს სხვა რელიგიურმა უმცირესობებმაც. “
- განმარტავს პარლამენტის წევრი
ტარიელ ნაკაიძე ახლა საქმის სამართლებრივ დავას და საკანონმდებლო
ინიციატივის მომზადებას გეგმავ, რომელსაც პარლამენტს, სავარაუდოდ,
შემოდგომით წარუდგენს.
„პრაქტიკულად სადამსჯელო ღონისძიება გამოიყენეს და
დამაჯარიმეს 10%-ით. რა თქმა უნდა, ეს გავაპროტესტე, ვცდილობ
სასამართლოში შევიტანო და შესაბამისი სამართლებრივი დავა განვაგრძო.
ეს გამარჯვების თემა არ არის. რომც არ მივიღო შედეგი სასამართლოზე,
ჩემთვის ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩემი მიზანია ეს
პროცესი იყოს გამოსწორებული და ამ პროცესს გამოასწორებს მხოლოდ და
მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება რომელიც არის შესატანი და ჩვენ
შევიტანთ. ეს არის პროცესი, რომელიც კარგად წარმოსახავს პრობლემის
შინაარს და შესაბამისად სალაპარაკო ამ მიმართულებით არის გასაგები და
იოლი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ასევე საკანონმდებლო სფეროში
მოღვაწე, ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში დეპუტატებისთვის და იმედი
მაქვს ამ ცვლილებას მივიღებთ. „ - ამბობს ნაკაიძე.
ფაქტს ეხმაურება მარნეულელი უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა და
ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მათი კულტურისათვის
მნიშვნელოვან თარიღებში სამსახურის გაცდენა უწევთ. რამაზან ბაირამი,
ყურბან ბაირამი, მაჰარამის თვე, ნოვრუზ ბაირამი ეს იმ
რელიგიურ-კულტურული დღესასწაულების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც
აზერბაიჯანელი თემის იდენტობის ნაწილია. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ
სახელმწიფომ უნდა აღიაროს სხვადასხვა უმცირესობების კულტურა,
დღესასწაულები და უნდა აისახოს კანონმდებლობაში.
„აქ მივდივართ ადამიანის უფლებამდე, ადამიანები უნდა სარგებლობდნენ
თავიანთი უფლებებით და უნდა დაისვენონ თავიანთ დღესასწაულზე. ახალი
კანონმდებლობა, რომელიც 2014 წელს მიიღეს და დისკრიმინაციის ყველა
ფორმის აღმოფხვრისაკენაა მიმართული, სწორედ ამას გულისხმობს რომ არ
უნდა იყოს დისკრიმინაცია შენი რელიგიურობიდან, ეთნიკურობიდან
გამომდინარე. საქართველოში თანასწორობაზე ზედამხედველობას
ახორციელებს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველმა გასულ წელს მიმართა
პარლამენტს, რომ საქართველოში გარანტირებული დასვენების დღის
შესაძლებლობის შექმნისთვის, უნდა შექმნან პირობები. შრომის კოდექსით
ჩვენ გვაქვს დაახლოებით 13 დღესასწაული, საიდანაც მხოლოდ 6 კავშირდება
ჩვენ საერთო სახელმწიფოებრივ, ეროვნულ მოვლენებს. დანარჩენი არის
ექსკლუზიურად მართლმადიდებლურ-ქრისტიანული დღესასწაულები. შრომითი
კოდექსით, დასაქმებულს უფლება აქვს კანონით გათვალისწინებული უქმე
დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა
განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. ესეც ნიშნავს, რომ დავუშვათ, მე
მინდა აღვნიშნო ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს, ჩემმა სამსახურმა ჩემთვის
უნდა შექმნას სხვა სამუშაო დღე მაგალითად შაბათს ან კვირას , უნდა
მოვიდე და ვიმუშაო. ჩვენ ამის პრაქტიკა არ გვაქვს და ვერ ვსარგებლობთ
ჩვენთვის გარანტირებული უფლებით. აქაც ირღვევა ინკლუზიურობა,
თანასწორობა, ადამიანის უფლება და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონს. „
უკვე რამდენიმე წელია საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს
ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. პარლამენტს
ადგილობრივმა აქტივისტებმა რამდენიმეჯერემე მიმართეს ამ ინიციატივით.
ერთ-ერთი კი სამირა ბაირამოვაა
„საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის
ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ
განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური
უმცირესობებს თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან
მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური
უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან,
მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში
თითქმის შეუმჩნეველია. მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და
აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი
მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.
ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას
მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანიც“. ნოვრუზის უქმე
დღე გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და
სოციალური კავშირების გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ
გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურალური
წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ
მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.“ - ეს წერილი
გაუგზავნა სამირა ბაირამნოვამ საქართველოს პარლამენტს ნოვრუზ ბაირამის
უქმედ გამოსაცხადებლად, თუმცა უშედეგოდ.
ტარიელ ნაკაიძის შემთხვევას სწავლობს ტოლერანტობისა და
მრავალფეროვნების ინსტიტუტი. როგორც ჩვენთან საუბარში ორგანიზაციის
წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე ამბობს, დღემდე პრობლემურია
საქართველოში საკითხი, რომ ადამიანებს კულტურულ-რელიგიური
მნიშვნელოვანი თარიღებით სარგებლობა შეეძლოთ.
„მოგეხსენებათ, ჩვენი შრომის კანონმდებლობა მხოლოდ
მართლმადიდებლურ დღესასწაულებს აცხადებს უქმე დღეებად და,
ფაქტობრივად, ყველა სხვა აღმსარებლობის ადამიანს უწევს უთანასწორო
გარემოში ყოფნა. არც რაიმე რეგულაცია არსებობს, რომელიც დასაქმების
ადგილზე ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა ინდივიდუალურად ისარგებლონ
ამ უფლებებით და მაგალითად, საპატიოდ ჩაეთვალოთ. მსგავსი შიდა
რეგულაციებიც კი, შრომის კანონმდებლობით არ არსებობს. რელიგიური
დღესასწაულების აღნიშვნა ეს არის რწმენის და რელიგიის თავისუფლების
ძალიან ფუნდამენტური უფლების შემადგენელი ნაწილი. ფაქტობრივად,
როდესაც ადამიანები ვერ სარგებლობენ მათი რელიგიური დღესასწაულებით,
იზღუდება მათი რწმენისა და რელიგიის თავისუფლება. ბოლოს მომხდარი ეს
შემთხვევა, როდესაც გავიგეთ, რომ ტარიელ ნაკაიძე პარლამენტმა
დააჯარიმა და ერთ-ერთ სესიას ვერ დაესწრო აბსოლუტურად ობიექტური
მიზეზის გამო, საქართველოს პარლამენტმა, რომლისგანაც უნდა მოველოდეთ,
რომ დისკრიმინაციამ არ იარსებოს, დისკრიმინაციული ნორმები აღმოიფხვრას
და ასე შემდეგ. მან თვითონ გამოიყენა ტარიელ ნაკაიძის მიმართ ეს ზომა
რაც კარგად აჩვენებს პრობლემის სიმწვავეს.“
მაკო ღავთაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მრავალფეროვნებიდან
გამომდინარე, მინიმალური, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ვიდრე
ოფიციალურად უქმე დღეების კალენდარი გადაიხედება, აუცილებელია
არსებობდეს გარანტიები დასაქმებულებისთვის, მათ შეძლონ წელიწადში
მინიმუმ ორი დღე ისარგებლონ უქმე დღით, გარდა იმ დღეებისა, რომელიც
შრომის კანონმდებლობით არის გამოცხადებული. ამისათვის კი სახელმწიფოს
ნებაა საჭირო და საკუთარ მოქალაქეებს თანასწორად აღქმა.