ფორმალურად გამოცხადებული ვაკანსიები მარნეულის სკოლებში
რადიო „მარნეულმა“ 6 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია მასწავლებელთა მიმდინარე ვაკანსიების შესახებ. გუშინდელი მონაცემებით, პედაგოგებს 18 სკოლა ეძებდა. მასალის განთავსების შემდეგ ჩვენს მედია ორგანიზაციას რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა პრეტენზიით, რომ ვაკანსიებში მითითებულ ზოგიერთი სკოლის ნომერზე დარეკვისას უთხრეს, რომ თავისუფალი ადგილები თავიანთი კადრებისათვის უკვე დაკავებული იყო.

ახლა თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე დავრეკე ერთ-ერთ სკოლაში, მითხრეს, რომ უკვე დაკავებულია ადგილი, არადა ვაკანსია უდევთ რომ ვითომ მიმდინარეა. რა სამწუხაროა, რომ ფორმალურადაა ეს ყველაფერი“ - უთხრა რადიო მარნეულს ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

რადიო „მარნეულმა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად შემთხვევით შერჩევითობის პრინციპით მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში დარეკა. (საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეგნებულად არ ვასახელებთ) ვაკანსიაში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე დარეკვისას გვითხრეს, რომ საგნების პედაგოგები უკვე შერჩეული ჰყავდათ.

ვაკანსიებზე მითითებულ ნომრებზე უმეტესწილად სკოლის დირექტორები პასუხობდნენ, თუმცა მისალმების შემდეგ  დეტალების გასარკვევად ქართულად ლაპარაკსს ვერ აგრძელებდნენ და საუბარში დასახმარებლად შუამავლებს რთავდნენ. 

გთავაზობთ რამდენიმე სკოლის ინტერვიუს.
ინტერვიუ N1
ჟურნალისტი- გამარჯობა, ვაკანსია გაქვთ განთავსებული, ახლახან ჩავაბარე ამ საგნის გამოცდა, მაძიებელ მასწავლებლად თუ შემიძლია შემოვიდე თქვენს სკოლაში? 60 კრედიტიან პროგრამასაც გავივლი.

ვაკანსიაზე პასუხისმგებელი პირი - ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მასწავლებელიც გადის 60 კრედიტიან პროგრამას, თან საგანიც აქვს ჩაბარებული და მაგისთვის გვაქვს გამოცხადებული სიმართლე რომ გითხრათ.

ჟურნალისტი - გამოდის, რომ ფორმალურად გაქვთ გამოცხადებული?

ვაკანსიაზე პასუხისმგებელი პირი
- დიახ, დიახ, ძალიან სამწუხაროა.

ინტერვიუ N2
ჟურნალისტი: თქვენი სკოლის ვაკანსია ვნახე, გამოცდაც ჩაბარებული მაქვს, მაძიებელ მასწავლებლად მინდა თქვენს სკოლაში შემოვიდე, თან სამუშაო საათებიც მისაღებია. სად შეიძლება რომ გამომიგზავნოთ cv?

ვაკანსიაზე პასუხისმგებელი პირი - მეილი გვაქვს მითითებული და შეგიძლიათ ნახოთ

ჟურნალისტი: თავისუფალია ხომ ადგილი? რამდენიმე სკოლაში დავრეკე და უკვე დაკავებული იყო, ფორმალურად ჰქონდათ და ტყუილად რომ არ შემოგვიტანო საბუთები.

ვაკანსიაზე პასუხისმგებელი პირი - ერთი მასწავლებელი გვყავს, რამდენიმე წელია რაც მუშაობს და ის იქნება, შიდა ვაკანსიით შემოვა.

ინტერვიუს N3
ჟურნალისტი- გამარჯობა, თქვენი სკოლის ვაკანსიით ვარ დაინტერესებული, როგორ შეიძლება რომ განცხადება შემოვიტანო?

ვაკანსიაზე პასუხისმგებელი პირი - უკვე დაკავებულია ადგილია, გვყავს ერთი პედაგოგი.

ჟურნალისტი- გამოდის, რომ შერჩეული კადრი გყავთ?

ვაკანსიაზე პასუხისმგებელი პირი - კი, ერთი უფროსი მასწავლებელი უკვე გვყავს და მეზობელი სოფლიდან უნდა იაროს.

აღსანიშნავია, რომ პორტალი, სადაც მასწავლებელთა ვაკანსიებია განთავსებული საჯაროა და მისი ნახვა ყველას შეუძლია. ცხადია, სტატიაში მოყვანილი ინტერვიუები არ ასახავს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის ტენდენციას.

გარეკანის ფოტო: რადიო მანეულის არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები