დირექტორების არჩევნები მარნეულის მხოლოდ 8 სკოლაში ჩატარდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში დირექტორთა არჩევნები გაიმართება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ საჯარო სკოლების სია, რომელშიც დირექტორების არჩევნები ჩატარდება. დირექტორები მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის, თამარისის №1 , ქაპანახჩის, შულავერის №2, მარნეულის №1, მარნეულის №2, მარნეულის №5 და მარნეულის №6 საჯარო სკოლებში არიან წარდგენილი. ადგილბრივ რესურსცენტრში რადიო მარნეულს განუცხადეს, რომ მათთან ამ ეტაპზე 8 კანდიდატის განაცხადია შესული.

ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ძირითადად თითო დირექტორორბის მსურველი კანდიდატია წარდგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლების სამეურვეო საბჭოებს არჩევანის შესაძლებლობა არ ექნებათ. რადიო „მარნეულს“ 8 აგვისტოს, განათლების ექსპერტმა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ უთხრა, რომ დირექტორების გასაუბრებების ეტაპზე მარნეულის 74 საჯარო სკოლაში 17 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, აქედან 15 სკოლას მხოლოდ ერთი დირექტორობის კანდიდატი ჰყავდა.

„შულავერის მე-2 საჯარო სკოლაში-2 კანდიდატი, მარნეულის მე-2 სკოლაში-2 კანდიდატი, წერეთლის სკოლაში კი 3 დირექტორობის მსურველი კანდიდატი დარეგისტრირდა.“ - გვითხრა შალვა ტაბატაძემ 8 აგვისტოს.

გასაუბრებების შედეგები განათლების სამინისტრომ 5 ოქტომბერს გაასაჯაროვა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია წარმოადგინა.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები