„ვფიქრობ და მეც მაინტერესებს რატომ არ წარმადგინეს დირექტორის კანდიდატად" - გიორგი ჭაუჭიძე
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე დირექტორობის კანდიდატურაზე არ წარადგინეს. სასურველი სამი საჯარო სკოლიდან, (თბილისი, ჭიათურის, მარნეულის) კომისიამ მისი კანდიდატურა არცერთი სკოლის სამეურვეო საბჭოს არ წარუდგინა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სერტიფიცირებული დირექტორების პრობლემა დგას. გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტული ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა იყო, სადაც წლები იმუშავა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება დირექტორის პოზიციიდან სურდა.

„დირექტორობის მთავარი მიზანი იყო იმ გამოცდილების გაზიარება და დანერგვა სკოლაში, რომელიც მაქვს უკვე საკმაოდ ხანგრძლივი საქმიანობის შედეგად. მინდოდა ჩემი იდეების რეალიზება“

გიორგი ჭაუჭიძე გვეუბნება, რომ არ აქვს პასუხი თუ რატომ არ წარადგინეს სკოლებში დირექტორის კანდიდატად. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მისი პოლიტიკური შეხედულება იყოს.

„ვფიქრობ და მეც მაინტერესებს, რომ ვინმემ მითხრას, რატომ არ წარმადგინეს დირექტორის კანდიდატად. არ ვიცი გავრცელებული აღქმა ისეთია, რომ მოგეხსენებათ, მე ვარ ოპოზიციური პარტიის, „გირჩის“ წევრი და შეიძლება უკავშირდებოდეს ამას, შეიძლება არც ამას უკავშირდებოდეს. ვინმემ ხომ უნდა თქვას.. მე უბრალოდ თავს ვიკავებ და არ მინდა იმ კომისიის წევრებს რამე ვკითხო ან მივწერო ვისაც ვიცნობ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება-მეთქი. მე მაქვს გარკვეული მოსაზრება, რომ თვითონ ამ კომისიის წევრებსაც არ ჰქონდათ სრული ძალაუფლება წესით რაც უნდა ჰქონოდათ რომ მიეღოთ გადაწყვეტილებები. ჩემი აზრით, აქ ჩარეული იყო კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც მათ მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებას და სხვათა შორის, ამაში არა მხოლოდ განათლების სამინისტროს ვგულისხმობ, არამედ სხვადასხვა სტრუქტურებს, რომლებიც გარკვეულ ვიზირებას იძლევიან ხოლმე ჩემი აზრით.“

განათლების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით 927 სკოლას დირექტორობის კანდიდატი წარუდგინა. სკოლების ძირითად ნაწილში წარდგენილია თითო კანდიდატია წარდგენილი.

გასაუბრებების შედეგები განათლების სამინისტრომ 5 ოქტომბერს გაასაჯაროვა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია წარმოადგინა. რომლის მიხედვითაც, დირექტორთა არჩევნები მარნეულის მუნიციპალიტეტის მხოლოდ 8 სკოლაში გაიმართება.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები