მარნეულის 74 სკოლიდან დირექტორს 8-ში ირჩევენ
დღეს, 16 ოქტომბერს მარნეულის 8 სკოლაში დირექტორთა არჩევნები ტარდება. დირექტორების არჩევნები მიმდინარეობს სოფელ ახალი დიოკნისის, თამარისის №1 , ქაპანახჩის, შულავერის №2, მარნეულის №1, მარნეულის №2, მარნეულის №5 და მარნეულის №6 საჯარო სკოლებში. მარნეულის რესურსცენტრში განმარტავენ, რომ რვავე სკოლაში დირექტორების თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლების სამეურვეო საბჭოებს არჩევანის შესაძლებლობა არ ექნებათ.

მარნეული არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც სკოლებში დირექტორთა თითო კანდიდატი წარადგინეს. იგივე სიტუაციაა საქართველოს მასშტაბითაც, რასაც დირექტორთა მსურველების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე დირექტორობის კანდიდატურაზე არ წარადგინეს. სასურველი სამი საჯარო სკოლიდან, (თბილისი, ჭიათურის, მარნეულის) კომისიამ მისი კანდიდატურა არცერთი სკოლის სამეურვეო საბჭოს არ წარუდგინა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სერტიფიცირებული დირექტორების პრობლემა დგას.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლაა. 66 სკოლას კვლავ მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ. 8 სკოლაში კი სადაც ახლა არჩევნები იმართება, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოები წარდგენილ კანდიდატებს 6 წლის ვადით აირჩევენ.

სამეურვეო საბჭო მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისიგან არის დაკომპლექტებული. 

აღსანიშნავია, რომ დირექტორების გასაუბრებების ეტაპზე მარნეულის 74 საჯარო სკოლაში 17 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, აქედან 15 სკოლას მხოლოდ ერთი დირექტორობის კანდიდატი ჰყავდა. გასაუბრებების შედეგები განათლების სამინისტრომ 5 ოქტომბერს გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, კანდიდატები მხოლოდ 8 სკოლაში წარადგინეს.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია (არქივი)
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები