USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი
აშშ დოლარით დააფინანსებს.
პროგრამის წარდგენა დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში
გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის
მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ
მაქიი.
პროგრამა „განათლება მომავლისთვის“, რომელსაც USAID საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული
შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების
მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს,
მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამას
საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია „ქემონიქსი“
ახორციელებს.